ე.წ გერმანული მოდელი

დემეტრაშვილი: პლებისციტის ჩატარებას აზრი არ აქვს, 200 000-მა ამომრჩეველმა ნება უკვე გამოხატა

ავთანდილ დემეტრაშვილი
პრესკლუბი კვირა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი ქართული ოცნების ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა ჩატარდეს. 

მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში დემეტრაშვილი ამბობს, რომ პლებისციტის ჩატარება საჭირო არ არის, რადგან 200 000-მა ამომრჩეველმა უკვე გამოხატა საკუთარი ნება, როდესაც პარლამენტში 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩასატარებლად კანონპროექტი დაარეგისტრირა. 

"მე ვფიქრობ, რომ უკვე არის ჩატარებული... პირდაპირი მნიშვნელობით ეს არ არის პლებისციტი, მაგრამ 200 000 ათასი ამომრჩევლის ხმა უკვე გაგებული აქვს პარლამენტს, ამიტომ პლებისციტის ჩატარებას აზრი არ აქვს,"- ამბობს დემეტრაშვილი. 

კონსტიტუციონალისტის თქმით, პლებისციტის ჩატარება შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სიტუაციის განმუხტვის საშუალება იყოს, თუმცა ასეთი გამოკითხვის დროს მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, განსხვავებით რეფერენდუმისგან. 

"იქ მიღებული გადაწყვეტილება მაინც პარლამენტში უნდა შევიდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამიტომ, კვლავ პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღება,"- ამბობს დემეტრაშვილი. 

კონსტიტუციონალისტი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. დემეტრაშვილის განმარტებით, კონსტიტუციაში პირდაპირაა მითითებული, რომ მანდატების განაწილების წესი ორგანული კანონით, საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება. 

საარჩევნო სისტემის შესახებ პლებისციტის ჩატარების იდეით თავდაპირველად ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძე გამოვიდა, მოგვიანებით კი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ამის შესახებ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ საერთო-სახალხო გამოკითხვას ან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩაატარებენ, რითიც ქართულმა ოცნებამ არამხოლოდ 2020 წლის, არამედ 2024 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებაც კი ეჭვქვეშ დააყენა, მიუხედავად იმისა, რომ ამას 2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო რედაქცია ითვალისწინებს. 

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები