საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

გრიგორი კარასინი: კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე შორი არ არის, მჯერა

kommersant.ru

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბებამდე შორი არ არის.

აბაშიძე-კარასინის მორიგ შეხვედრამდე Sputnik-georgia-მ რუს დიპლომატთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ჟენევის ფორმატსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. 

კითხვაზე, დროთა განმავლობაში, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენა და მისი აზრით, რა ქმედებები უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით, კარასინი პასუხობს, რომ მას ამისი სწამს და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. 

"მჯერა ამის, ეს დღეები შორი არ არის. ადრეც ვთქვი, რომ ამ პროცესს ზედმეტი ემოციურობა უშლის ხელს. დაუფიქრებელი, უხეში განცხადებები, რომლებსაც ჩიხში შევყავართ. თუ სამომავლოდ ამას თავიდან ავიცილებთ, კეთილმეზობლური დამოკიდებულება ტემპს აიღებს"- ამბობს კარასინი. 

კარასინის თქმით, პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იქნება სავაჭრო და ეკონომიკური სფეროში ურთიერთობები, სატრანსპორტო სექტორში არსებული ვითარება, ჰუმანიტარული კონტაქტები და სხვა საკითხები, მათ შორის სპორტული ურთიერთობებიც.

საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებულ ექიმთან, ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით კარასინმა თქვა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების სფეროს თემაა. 

........

გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს აგვისტოს შემდეგ აღარ იკავებს. 23 აგვისტოს მას 70 წელი შეუსრულდა და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონის მიხედვით, მას თანამდებობის დატოვება მოუხდა. ამ დრომდე უცნობი იყო, როგორ გაგრძელდებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი და ჩანაცვლდებოდა თუ არა კარასინი სხვა დიპლომატით, თუმცა 1 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ, თქვა, რომ კარასინი ამ მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთის მხარის წარმომადგენელი მაინც იქნება. 

ბოლო შეხვედრა მხარეებს შორის 13 ივნისს, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ხმაურიან ვიზიტამდე გაიმართა. 

კომენტარები