ტერორიზმი

ბანგლადეშში 2016 წელს მომხდარი თავდასხმისათვის 7 ისლამისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

Getty Images

ბანგლადეშში 2016 წელს კაფეზე მომხდარი თავდასხმის გამო, რასაც 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 ისლამისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

დედაქალაქ დაკაში კაფე Holey Artisan-ზე თავდასხმა 5-მა პირმა მოაწყო. მათ მძევლები აიყვანეს. თავდასხმა 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაღუპულთა შორის იყვნენ 9 იტალიელი, 7 იაპონელი, ერთი ამერიკელი და ერთი ინდოელი. მძევლების გათავისუფლების მცდელობისას მოკლეს ორი პოლიციელიც. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა 13 მძევლის გათავისუფლება მოახერხეს. ხუთივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

ბანგლადეშის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა იყო. პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ბანგლადეშის ოფიციალური პირების თქმით მის უკან ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფება იდგა. სიკვდილმისჯილები ჯამაათ-ულ-მუჯაჰიდინის წევრები არიან.

თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნარულ ისლამ მარზანი 2017 წელს დაკავებისას ორმხრივ სროლაში პოლიციამ მოკლა.

თავდასხმის შემდეგ დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციებისას ქვეყნის უშიშროების ძალებმა 100-ზე მეტი ექსტრემისტი მოკლეს და 1,000-მდე დააკავეს.

თავდასხმის დაგეგმვისათვის 8 პირს ასამართლებდნენ, ერთ-ერთი მათგანი სასამართლომ გაამართლა.

ბრალდებულთა ადვოკატის თქმით გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ბანგლადეშში სიკვდილით დასჯის მეთოდი ჩამოხრჩობაა.

კომენტარები