სასამართლო სისტემა

მოსამართლე ალავიძემ საბჭოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა, გვრიტიშვილმა სიფრთხილისკენ მოუწოდა

დიმიტრი გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ბესარონ ალავიძეს მოუწოდებს, ფრთხილად მოეკიდოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების შეფასებას.

უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ალავიძის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, რომლითაც მოსამართლემ ასევე საბჭოს წევრის, ლევან გზირიშვილის შვილის, ალექსანდრე გზირიშვილის იუსტიციის უმღლეს სკოლაში ჩარიცხვა ნეპოტიზმად შეაფასა და პროცესს სამარცხვინო უწოდა.

"ჩემმა კოლეგამ - ბესარიონ ალავიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების მიმართ გამოიყენა ეპითეტები: ფამილიარობა, ნეპოტიზმი, სამარცხვინო.

გასაგებია: მისი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ მისივე პირადი თანაშემწე არ ჩაირიცხა მსმენელად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

მე მას შევახსენებ, რომ ჩვენ, მოქმედი მოსამართლეები, შეზღუდულნი ვართ მაღალი ეთიკური სტანდარტებით.

ასევე შევახსენებ, რომ ეს იყო კონკურსი და რომ კონკურსში ყველა გამარჯვებული ვერ იქნება.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდნენ სასამართლო სისტემის სხვა, არანაკლებ კვალიფიციური მოხელენიც (სააპელაციო სასამართლოების თანაშემწეები, მენეჯერი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წევრები და სხვ), რომელნიც ასევე ვერ ჩაირიცხნენ მსმენელებად. ეს არ ყოფილა ბოლო კონკურსი და მომავალში ყველას ისევ მიეცემა შანსი.

ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ - ფრთხილად მოეკიდონ მსგავსი საკითხების შეფასებას" - დაწერა დიმიტრი გვრიტიშვილმა ფეისბუქზე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 25 ნოემბერს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი ჩარიცხა.

ბესარიონ ალავიძემ ეს ფაქტი ფეუსბუქზე ასე შეაფასა: 

"დღეს უიმედოდ, მაგრამ მაინც ველოდებოდი ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი ახალგაზრდის, იშვიათი გამოცდილების მქონე და წარმატებული იურისტის კონკურსის შედეგებს, თუმცა, სამწუხაროდ ისევ იზეიმა საქართველში კარგად აპრობირებულმა ნეპოტიზმმა, ფამილარობამ, პირადმა კონტაქტებმა, ჩაწყობამ, მომავალი თაობებისთვის უიმედობის განცდის გაჩენამ, ანუ ისევ არაფერი გვეშველება, ... სამარცხვინოა ეს ყველაფერი!".

იმას, რომ ალექსანდრე გზირიშვილის შვილის იუსტიციის სკოლაში ჩარიცხვა ნეპოტიზმია, საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვლი და ანა დოლიძეც აღნიშნავენ.

ჯანეზაშვილი ამბობს იმასაც, რომ გვრიტიშივლის განცხადება საფრთხის შემცველია.

"გვრიტიშვილი პირდაპირ მიუთითებს, რომ მოსამართლე ფრთხილად უნდა იყოს. გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრის მხრიდან ასეთი მოწოდება მოსამართლის მიმართ, რომელიც ჩრდილშია, რომელიც არ არის გავლენიანი ჯგუფის არც წევრი, არც ლიდერი, არის საფრთხის შემცველი.

როცა მოსამართლე გამოდის და ღიად საუბრობს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ამ მოსამართლეს მხარი უნდა დავუჭიროთ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა, ვისაც სასამართლოსთან რამე ტიპის შეხება აქვს, მას მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს, ვინაიდან ასეთ დროს მსგავსი განცხადება ფაქტობრივად გმირობის ტოლფასია", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ, მოსამართლედ დანიშვნაზე პრეტენზია განაცხადონ. ის სწორედ მოსამართლეობისთვის მოსამზადებელი სასწავლო დაწესებულებაა.

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ ალექსანდრე გზირიშვილის სკოლაში ჩარიცხვა დღეს მამის, ლებვან გზირიაშვილის კაბინეტთან გააპროტესტეს.

მათ გზირიშვილის კაბინეტთან ფურცლები გააკრეს წარწერით: "მამამ შვილი მოაწყო".

კომენტარები