ევროპული საქართველო

კაპანაძე: ევროპარლამენტარები შეშფოთებულები არიან ხელისუფლების ძალადობით

ტაბულა

27 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები იმართება, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაესწრებიან. 

კაპანაძის ინფორმაციით, ხელისუფლების მხრიდან დებატებს ევროინტეგრაციის კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი და საგარეო საქმეთა კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ბერაია დაესწრებიან. 

ტვ პირველისთვის სტრასბურგიდან მიცემულ ინტერვიუში კაპანაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტში ასეთი დებატები ხშირად არ იმართება. მისი თქმით, დებატები ჩვეულებრივი პრაქტიკაა მაშინ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობაა შექმნილი. 

"დეპუტატები ჩამოვდივართ აქ, ევროპარლამენტში და ვაცნობთ ჩვენს პარტნიორებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. ჩემი ამოცანა და მიზანი სწორედ ეგაა. მექნება შეხვედრა 10-მდე ევროპარლამენტართან, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე და რომლებიც დებატებში მიიღებენ მონაწილეობას,"- ამბობს კაპანაძე.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მიზანია, ევროპარლამენტარებს გააცნონ ქვეყანაში არსებული ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მისივე განმარტებით, ევროპარლამენტარები ისედაც ინფორმირებულები არიან.

"ყველა ჩვენი მეგობარი შეშფოთებულია და ძალიან კარგადაა ინფორმირებული იმ სამარცხვინო განვითარებაზე, რაც ქართულმა ოცნებამ დაატეხა ქვეყანას ბოლო კვირების განმავლობაში," - ამბობს კაპანაძე. 

დეპუტატისვე განმარტებით, ევროპარლამენტარები ისაუბრებენ, როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე, ისე იმ მოვლენებზეც, რომელიც ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულებას მოჰყვა. კაპანაძის თქმით, საუბარი ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ ე.წ გერმანულ მოდელსაც შეეხება. 

"მათ იციან, რა მოვლენები ვითარდება, ის, თუ რატომ არის ხალხი გარეთ გამოსული, იციან, რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ აქვს.

შეშფოთებულები არიან იმ ძალადობით, რომელსაც ხედავენ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ კიდევ უფრო შეშფოთებულები არიან იმით, თუ როგორ წაიღო უკან ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური დანაპირები და, ზოგადად, რა მიმართულებით მიდის ქვეყანა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის სიარული პირდაპირ ნიშნავს რუსეთის კალთაში საქართველოს ჩაგორებას და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები კმაყოფილები არ არიან,"- ამბობს სერგი კაპანაძე. 

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, დეკემბერში საქართველოსთან მიმართებით რეზოლუციასაც მიიღებენ და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და "მისი დამქაშებისთვის" კარგი გამოფხიზლება უნდა იყოს. 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, სრულად ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება 3 მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა, ტექნიკურმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ქართულ კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით. 

მიუხედავად, დასავლელი ექსპერტებისა და საელჩოების წარმომადგენლებისგან მკაცრი კრიტიკისა, ქართული ოცნება მოთხოვნებს არ თანხმდება და ამის ნაცვლად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს რობოკოპებისა და წყლის ჭავლების ენით ესაუბრება. 

25 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით დაარბია. აღსანიშნავია, რომ მათ ამის კანონიერი საფუძველი არ ჰქონდათ, რადგან დემონსტრანტებმა, მოთხოვნის შესაბამისად, გზის სავალი ნაწილი გაასუფთავეს და ტროტუარებზე გადაინაცვლეს. სპეცრაზმმა კი ტროტუარზე მდგომი ადამიანები დაარბია.

კომენტარები