თბილისის მიკროავტობუსი

ვიცემერი: მიკროავტობუსების ტარიფს ხელს არ ვახლებთ, არასდროს დავთანხმდები ტარიფის ზრდას

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი აუცილებლად დაიწყება, თუმცა მგზავრობის ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება მგზავრობის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მიუღებელია. ცნობისთვის, კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ თუ მგზავრობის ტარიფში აისახება, 2020 წლიდან მიკროავტობუსების პარკის განახლებას დაიწყებენ. 

"თბილისის მერმა დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და პირადად მე, მკაფიო დავალება - ორკვირიანი ვადა მომცა. საჯაროდ ვაცხადებ, რომ ამ დავალებას, რა თქმა უნდა, შევასრულებ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის მიკროავტობუსის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა.

"ისინი, ძირითადად, საუბრობდნენ ფინანსურ პრობლემებსა და ტარიფის ზრდაზე, რაც მათივე წარმოდგენილი მონაცემებით, სწორსა და ლოგიკურს გავს. კომპანიას 2011 წლიდან დღემდე, ტარიფი არ შეუცვლია, მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი შეიცვალა, საწვავის ფასი გაიზარდა. რა თქმა უნდა, მათ პოზიციას ფინანსური ახსნა აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ ჭრილში, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით ვატარებთ, მიკროავტობუსების ტარიფზე ხელის ხლებას ჩვენ არ ვაპირებთ.

რა თქმა უნდა, ეს ართულებს ამ მოცემულობას. კომპანიას რომ ჰქონდეს, ან რომ ჰქონოდა მიკროავტობუსების ჩანაცვლების რესურსი, ისედაც ჩაანაცვლებდა. მარტივი მოცემულობა რომ ყოფილიყო, ყველა შეძლებდა ამის გაკეთებას. ამისთვის ვართ ჩვენ - თბილისის მერი, მისი მოადგილეები, რომ რთულ მოცემულობებშიც ვნახოთ გამოსავალი“, - თქვა თბილისის ვიცე-მერმა. 

ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლებს აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა დაავალეს.

"ჩემთვის ყველაზე მტკივნეული არ არის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა მნიშვნელოვანია. უნდა გამოვიდე იმ მდგომარეობიდან, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ დედაქალაქში მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - ამბობს ხმალაძე, რომლის შეფასებითაც, მიკროავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ქალაქს სჭირდება ახალი მიკროავტობუსები, თუმცა მერიისთვის პირობა, რომ ტარიფი გაიზარდოს, მიუღებელია. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში უნდა ვაწარმოო, პირობა, რომელსაც არასდროს მოვისმენ და დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ მაქვს ჩემი კონკრეტული გეგმა. მათ ისეთ გეგმას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვერ მეტყვიან. პირობას გაძლევთ, რომ საბოლოო ჯამში, ორი კვირის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში მიკროავტობუსების განახლება დაიწყება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

კომენტარები