ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ოპოზიციაზე: ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა

ბიძინა ივანიშვილი
Артема Голощапов / Forbes

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპოზიცია "ფუჭად ხარჯავს" ენერგიას და "კედელს თავს ურტყამს". ივანიშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას შანსი არ აქვს". მანვე აღნიშნა, რომ ყველა პარტიას ნაციონალურ მოძრაობად მოიხსენიებს, ვინც "ერთ გუნდშია" და "ერთ თამაშს თამაშობს". ივანიშვილის თქმით, ოპოზიციაში ზოგი "წლობით იხდის" სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა.

"ტრაგიკული საზოგადოებაა, მთელ საზოგადოებას ხომ აწვალებენ, მე არც ის მომწონს, რომ ესენი პირდაპირ კედელს თავს ურტყამენ. შანსი არ აქვთ, ღამეებს ათენებენ, რაღაცეებს, ერთმანეთს ამაგრებენ, ერთმანეთს ატყუებენ, რომ დღეს არა, ხვალ მოვალ, შანსი არ აქვთ. ამ დროს მიდიან ვა ბანკში, უზარმაზარ ენერგიას ხარჯავენ, ზარალდებიან, ზოგი ორი დღით მიდის, ზოგი ერთი კვირით მიდის [საპატიმროში], ახლაც, ამ ახალგაზრდებს, ვისაც უწევს დაპატიმრება. ზოგს პატარა ტრავმა აქვს, ზოგს უარესი ტრავმა აქვს. ზოგი წლობით იხდის [სასჯელს] და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, მაგრამ თავგანწირულად მიდიან. ტრაგედიაა ამ საზოგადოების, რომ ვერაფრით ვერ გაიგეს. ერთი ჭკვიანი კაცი რომ ჩაჯდეს მაგათთან და ანალიზი გაუკეთოს - "ნუ ურტყამთ კედელს თავს, არაფერი არ გამოვა". ჩემთვის ესეც დასანანია, არ იფიქროთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ერთად უნდა მოვუყაროთ თავი და სადღაც უნდა გადავყაროთ, არა, ესენი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ჩემთვის სამწუხაროა მათი გატეხილი თავი და ფუჭად გადაყრილი გონება თუ ძალა და ენერგია" - თქვა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა აქციის 19 მონაწილე, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია და ოპოზიციონერი ირაკლი ოქრუაშვილი.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში, რუსთაველის გამზირზე აქციების დაშლის დროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს 65 ადამიანი. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს აქციაზე მიმავალი გიორგი რურუა და მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები