გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ ტვ იმედთან ფარდა ახადა მის ტყუილს და ქართული ოცნების თავმჯდომარემ თავადვე აღიარა, რომ "მაჟორიტარების ამბოხი" არ ყოფილა და 2020 წლის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდება მან თავად დაგეგმა და განახორციელა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობების ახალ გადანაწილებას დაამტკიცებენ, შენობას რკინის ღობეები აქვს შემოვლებული.
"ძალიან კარგია, რომ პოლიცია აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ხალხმა. ეს პარლამენტი არის ღირსი, იმსახურებს და იღებს იმას, რომ მოძრავი რკინის ღობეებით არსებობდეს. მთელი სამთავრობო კვარტალი მეცამეტე რაიონივით არის გადაკეტილი. გეტოდ აქციეს და შიგნით აპირებენ შევიდნენ და ასე რკინის ღობეების ამარა დარჩენილმა მთავრობამ და პარლამენტმა დღეს უნდა გაინაწილოს დარჩენილი სკამები. სიმბოლიზმია, რომ რკინის ღობეებით უწევთ სკამების გადანაწილება. ამ დღეშია ქართული ოცნება.
ბუნებრივია, ჩვენი პროტესტი იყო, არის და იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი. ხუმრობით ჩვენ ამას ვუწოდებთ აიკიდოს მეთოდს. პოლიციამ მოიტანა რკინის ღობეები, დაალაგა ყველგან, კი ბატონო, ეს ის საქმეა, რასაც ჩვენ ვაპირებდით, რომ ცოცხალი ძალით გაგვეკეთებინა. ერთი ხვრელია დატოვებული სადღაც ოცნების დეპუტატებისთვის. დავაკვირდებით აუცილებლად, როგორ შეძვრებიან ეს დეპუტატები რომელიღაა უკანა ხვრელში", - თქვა გიგი უგულავამ.
აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს, 28 ოქტომბერს პარლამენტის პიკეტირებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. პიკეტირემა მათ გუშინ დააანონსეს, ღამით კი პოლიციამ შენობის ყველა შესასვლელი ჩახერგა, რათა აქტივისტებს შენობასთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდეთ. დეპუტატები პარლამენტში მხოლოდ პოლიციის დახმარებით შედიან.
წინა ორ შემთხვევაში შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალის გადამეტებით დაშალა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმება.
აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული დაპირება შეასრულოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. შესაბამისი კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო.