საქართველოს პარლამენტი

პლენარულსა და ბიუროზე თალაკვაძეს განცხადება აღარ გაუკეთებია, სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა მიმდინარეობს.

დარბაზში 89 დეპუტატია, სხდომას კვლავ არ ესწრება ოპოზიცია.

ამჯერად, არც ბიუროზე და არც პლენარულ სხდომაზე სპიკერ არჩილ თალაკვაძეს განცხადება არ გაუკეთებია. სხდომა დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ქართული ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. დარბაზში პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთებულა.

ამ დრომდე ჩახერგილია საკანონმდებლო ორგანოს შენობის ყველა შესასვლელი. აქტივისტებს პარლამენტის შენობის პიკეტირება სურდათ, თუმცა პოლიციამ შენობასთან მისასვლელ გზებზე რკინის კონსტრუქციები დააყენა. ტერიტორიაზე რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა.

18 ნოემბერს, მშვიდობიანი აქციის დაშლის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ჩაატარა და დარბაზში ბოქლომითა და ჯაჭვით მივიდა. მან თქვა, რომ ოპოზიცია "მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებს".

თალაკვაძემ მომდევნო ბიურო და პლენარული სხდომა 25 ნოემბრის აქციის დაშლის შემდეგ ჩაატარა. მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა გამთენიისას, 05:00 საათზე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს. 26 ნოემბრის ბიუროს სხდომისა და სესიის დაწყებამდე თალაკვაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ პარლამენტი მუშაობას აგრძელებს.

საქართველოს პარლამენტთან აქციები და საკანონმდებლო შენობის პიკეტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა დაარღვია და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ცვლილებები ჩააგდო.

კომენტარები