პარლამენტის პიკეტირება

მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციების მონაწილეებს "გაცვეთილ, მეორად კმარელებს" უწოდებს

მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციების მონაწილეებს "გაცვეთილ, მეორად კმარელებს" უწოდებს.

ქართული ოცნების წევრმა და უკვე პარლამენტის ვიცე სპიკერმა თქვა, რომ თავადაც პროპორციული არჩევნების მომხრეა, თუმცა, ამის მისაღწევად "კმარას" გაცვეთილი მეთოდები შედეგიანი ვერ იქნება.

"მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საბოლოო ჯამში პარლამენტში, პროპორციული სისტემის მომხრე ვარ. მაგრამ ამის უზრუნველსაყოფად "კმარას" გაცვეთილი მეთოდები შედეგიანი არ არის და ქუჩაში 200, 300, 500 თუ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ადამიანის სირბილი შედეგს არ მოიტანს. ამას შესაძლოა, სჭირდებოდეს საუბარი, პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, მაგრამ ეს, თავის მხრივ, შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა გაცვეთილი, მეორადი კმარელები მიწაზე დაეშვებიან და მიხვდებიან, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა გადავიდეს მედიაში, პარლამენტში, კი ბატონო, ქუჩაში, მაგრამ კანონის ფარგლებში", - თქვა მდინარაძემ პარლამენტში, სადაც პოლიციის დახმარებით შევიდა.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს.

პარლამენტის პიკეტირება აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუშინ, 27 ნოემბერს დააანონსეს, დღეს დილით კი საკანონმდებლო ორგანოს შენობის ირგვლივ ყველა ქუჩა სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი დახვდათ - ქუჩები რკინის ჯებირებით არის ჩახერგილი.

პარლამენტის პიკეტირება ოპოზიციური გაერთიანების ბრძოლის ერთ-ერთი გზაა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო.

დასავლელი პარტნიორების, ელჩებისა და ექსპერტების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს, ქართული ოცნება მოქალაქეებს სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის ენით ესაუბრება.

18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაარბია, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ მოქალაქეს თვალი დაუზიანდა.

ჯამში, ორივე დარბევის დროს, პოლიციამ 55 მოქალაქე დააკავა. ამასთან, აქციების დროს პერმანენტულად აკავებენ მოქალაქეებს, რასაც განრიდებას უწოდებენ. Amnesty International ხელისუფლებას ამ პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს და წერს, რომ ამგვარი ადმინისტრაციული დაკავევები მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს ზღუდავს.

იგივე ორგანიზაცია წერს, რომ 18 და 26 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენება ხელისუფლების მხრიდან არც პროპორციული ძალა იყო და არც - საჭირო.

კომენტარები