აქციები პარლამენტთან

"ვიზრუნებთ, რომ უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრნენ პარლამენტში" - დღეისთვის პიკეტი დასრულდა

ტაბულა

დღეისთვის საქართველოს პარლამენტის პიკეტირება დასრულებულია. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი მედიასთან ამბობს, რომ მომდევნო შემთხვევებში აქტივისტები უფრო ეფექტურად გადანაწილდებიან, რათა ქართული ოცნების დეპუტატები "უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრნენ პარლამენტში".

"მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მოქალაქეებისგან თავი ჯებირებით და რკინის კედლებით დაეცვა, გერმანული მოდელი გაიგეს ალბათ როგორც ბერლინის კედელი. ბლოკირებულია ყველა შესასვლელი, მიმდინარეობს პიკეტი. მიუხედავად ამისა, ნახეს რაღაც უკანა ხვრელები, საიდანაც შეძვრნენ პარლამენტში. მომდევნო პიკეტებზე ვიზრუნებთ, რომ ამ უკანა ხვრელებიდანაც ვეღარ შეძვრნენ პარლამენტში, უფრო ეფექტურად გადავანაწილებთ პიკეტს", - თქვა დიღმელაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ საწადელს არ მიაღწევენ.

"პროტესტის ეს ფორმა, არაძალადობრივი, მშვიდობიანი ფორმა გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს საწადელს, სანამ არ მივაღწევთ იმას, რაც კი არ გვაჩუქეს, ამაში სისხლით გადაიხადა ხალხმა, თვალის ჩინით გადაიხადა და პროპორციული არჩევნების უკან წაღება ნიშნავს არამხოლოდ ჩვენ მიმართ მესიჯის გამოგზავნას, რომ პუტინიზაციის პროცესი წასულია და არ მაინტერესებთ, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართაც, რადგან გაეროს ტრიბუნიდან დაპირდა სალომე ზურაბიშვილი მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას [პროპორციულ არჩევნებს]", - ამბობს დიღმელაშვილი.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ აქტივისტები პარლამენტთან მივლენ მაშინ, როცა იქნება შემდეგი სხდომა, ხოლო მომდევნო სასესიო კვირაში იქნება დიდი, საყოველთაო აქცია.

"იქნება სირცხვილის კორიდორების, "მონების" შეძახილების და პროტესტის ყველა მშვიდობიანი, არაძალადობრივი გზა, ამის გავლით მოუწევთ "მუშაობა" პარლამენტარებს", - აღნიშნა მან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა დღევანდელი, 28 ნოემბრის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებდა. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, მათ ნაწილს ეზოში ოპოზიცია დახვდა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა", "სირცხვილი" და ა.შ.

კომენტარები