რუსული ენა

საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ მსოფლიოში რუსული ენის შემსწავლელთა რიცხვი განახევრდა

The Times

სოფლიოში რუსულის, როგორც უცხოური ენის, შემსწავლელთა რიცხვი საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ განახევრდა - 90-იანი წლების დასაწყისში რუსულ ენას 74.6 მილიონი ადამიანი სწავლობდა, 2004 წლამდე ეს რიცხვი 51.2 მილიონამდე, ხოლო 2018 წლამდე - 38.2 მილიონამდე დაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას RBC სოციოლოგიური კვლევის ცენტრის "სოციოცენტრი" კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. სოციოცენტრმა ანგარიში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებითა და გრანტით მოამზადა. 

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი წევრი ქვეყნების გამოკლებით, მსოფლიოში რუსულის შემსწავლელთა რიცხვი 20 მილიონიდან 1 მილიონ ადამიანამდე დაეცა. 

აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში 2015 წლამდე რუსულად სულ რაღაც 8 მილიონი ადამიანი საუბრობდა, როდესაც 1990 წელს ეს რიცხვი 38 მილიონი იყო. 

საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ სახელმწიფოებშიც შემცირდა რუსულად მოლაპარაკე ადამიანთა რაოდენობაც - 119.5 მილიონიდან 82.5 მილიონამდე. 

ამავდროულად, ამ პერიოდში, კანადაში, აშშ-ში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში რუსულის მცოდნეთა რიცხვი ჯამში 1.2 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზარდა.

2015 წლის მონაცემებით მსოფლიოში 243 მილიონი ადამიანი ლაპარაკობდა რუსულად, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 3.2% არის. სოციოცენტრის პროგნოზით, 2025 წლისთვის ეს რიცხვი 215 მილიონამდე დაეცემა, რაც მსოფლიო მოსახლეობის, დაახლოებით, 2.7% იქნება.

კვლევის მიხედვით, ამჟამად, მსოფლიოში რუსული ენა მოლაპარაკეთა რიცხვით მეათე ადგილზეა. რუსულ ენაზე 27 ქვეყანაში საუბრობენ. 

ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ენის წინააღმდეგ ომი იყო გაჩაღებული და გლობალური პერიფერიებისკენ ცდილობდნენ მის ჩაწევას - "არამხოლოდ რუსოფობები, არამედ ყველა სახის მარგინალური ჯგუფები და აგრესიული ნაციონალისტები, რომლებიც რუსულ ენას ომს უცხადებენ... სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სახელმწიფო პოლიტიკა ხდება". 

ამავე სიტყვაში პუტინმა Wikipedia-ს ჩამნაცვლებელი რუსული ენციკლოპედიის შექმნის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები