პროპორციული საარჩევნო სისტემა

რატომ არის სიცრუე, რომ ოცნების დემოკრატიულობას მსოფლიოში "არავინ აყენებს ეჭვქვეშ"

0 კომენტარი

ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ელჩებს არაერთხელ შეხვდა და მათგან არავის ჰქონია კითხვა იმაზე, დაარღვია, თუ არა ქართულმა ოცნებამ დემოკრატიული ჩარჩოები და "რამე ისეთი გააკეთეს". მანვე იმავე ინტერვიუში თქვა, რომ მთელ მსოფლიოში ქართული ოცნების დემოკრატიულობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

სინამდვილეში ასეთი კითხვები გაჩნდა და გაისმა კიდეც საქართველოს არაერთი პარტნიორისა და მეგობრისგან. დასავლელი ლიდერები და ექსპერტები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ქართულ ოცნებას აკისრებენ, რომელმაც მათი და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი პირველი იყო, რომელიც ქართული ოცნების მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა. კინზინგერი წერდა, რომ კანონპროექტის ჩაგდება და ხელისუფლების მიერ პირობის არშესრულება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნებოდა. 

"ეს იყო საერთაშორისო საზოგადოების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა. იმედი მაქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორებადია და გამოსწრდება ძალიან მალე,"- წერდა კინზინგერი. 

საკითხს ასევე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცერი, რომელმაც თქვა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდება პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის ნდობას დააზიანებს და ასევე ზრდის პოლიტიკური პოლარიზაციის რისკსაც. 

"ძალიან სამწუხაროა ის, რაც ვიხილეთ,"- თქვა ჰერცელმა.

საერთო განცხადება გაავრცელა აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა, სადაც მხარი დაუჭირეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. საელჩოები წერდნენ, რომ აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას კანონპროექტის ჩავარდნის გამო. 

"ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაგებულ იქნა, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რასაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად. ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის,"- წერდნენ საელჩოები. 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე ევროპარლამენტარებმაც იმსჯელეს. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატი წევრი და ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი სამწუხაროს უწოდებს კანონპროექტის ჩაგდებას. მიკსერი ამბობს, რომ ევროპარლამენტი არ უწესებს პარტნიორებს, რომელი საარჩევნო სისტემა გამოიყენონ, არამედ მათგან გაცემული პირობების შესრულებას ელოდებიან. 

"ევროპულ მისწრაფებებს თითქმის სრულებით იზიარებს ყველა ქართველი პოლიტიკური მოთამაშე, ისევე, როგორც მოსახლეობის უმრავლესობა. მნიშვნელოვანია არ დავუშვათ ამ მისწრაფებებს დამატებითი ზიანი მიაყენოს შიდა არეულობამ,"- თქვა მიკსერმა.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი, კონსერვატორი წევრი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა კი ამბობს, რომ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. 

"ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისი უკიდურესად სახიფათოა და ამას უნდა დავუპირისპირდეთ,"- თქვა ფოტიგამ. 

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატმა წევრმა, ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარინა კალიურანდმა, კი თქვა, რომ კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო, რამდენადაც ამ ცვლილებების ირგვლივ მრავალპარტიული კონსენსუსი ნათელი იყო. 

"ეს იწვევს რყევებს საზოგადოებაში და გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. მოვუწოდებ ქართულ პარტიებს, ერთად მოძებნონ გამოსავალი, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის ხალხის იმედსა და საქართველოს დემოკრატიულ მომავალს,"- თქვა კალიურანდმა. 

ევროპარლამენტის წევრისა და ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრის, ანდრიუს კუბილიუსის, თქმით, საქართველოში მოვლენების უკანასკნელი განვიტარება მის შეშფოთებას იწვევს დემოკრატიის მომავლის შესახებ. 

"მან ეს პირობა იმისათვის დადო, რომ დაერწმუნებინა გასულ ზაფხულში საპროტესტო ტალღის მონაწილეები. ახლა ქართველი ხალხის ნდობა პარლამენტის და ქართული დემოკრატიისადმი დაიკარგა. ნათელია, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა არ შეასრულოს დაპირება ალბათ იმიტომ, რომ შეეშინდათ, რომ მომავალ წელს პროპორციულ არჩევნებში დამარცხდებოდნენ,"- ამბობს კუბილიუსი. 

ევროპარლამენტის კიდევ ერთმა წევრმა, პოლონელმა სოციოლოგმა და პროფესორმა, ზჯისლავ კრასნოდენბსკიმ, კი პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას გაუსვა ხაზი, რომელიც "არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის მოქალაქე იყო:. 

"საქართველო წინსვლისაკენ კარგ გზაზე იდგა, მაგრამ უკანასკნელ თვეებში ვნახეთ ხანგრძლივი პროტესტი, უფრო და უფრო უხეში ქმედებები ხელისუფლების მხრიდან," - თქვა კრასნოდებსკიმ. 

საქართველოში არსებულ ვითარებას ყოფილი ევროპარლამენტარი, ანა გომეშიც, გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ევროკავშირმა დემონსტრანტებს სიტყვიერი და ქმედითი მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. 

"ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, რომელიც ოლიგარქიას ებრძვის ევროპული ღირებულებებისთვის: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისთვის,"- წერს გომეში. 

პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შესახებ განცხადება ევროპის ყველაზე დიდმა პარტიამაც გაავრცელა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დააკისრა. 

ევროპის სახალხო პარტია წერდა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ქართული ოცნების "ცინიკური, მოღალატეობრივი ნაბიჯით". 

"ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრების თავისუფლებას და განიხილოს მისთვის შეთავაზებული პოლიტიკური გამოსავალი,"- წერდა EPP. 

ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტმა, დეიმონ უილსონმა, თქვა, რომ ამ წლის ზაფხულში საქართველომ პროპორციულ არჩევნებზე თანხმობით მოახერხა, კრიზისი დემოკრატიის განმტკიცების კუთხით უპირატესობად გადაექცია. 

"პარლამენტის უკან დახევა ახალ კრიზისს პროვოცირებს. შეთანხმებული წესებით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობის შესრულება სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის გადამწყვეტი მნიშნველობისაა,"- დაწერა უილსონმა. 

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი ბროკ ბირმანი კი წერდა, რომ სექტემბერში თბილისში ვიზიტის დროს საპარლამენტო ლიდერებმა ის დაარწმუნეს, რომ კონსტიტუციური და საარჩევნო რეფორმები გატარდებოდა. 

"ქართულმა ოცნებამ საჯაროდ დადებული პირობა არ შეასრულა. რეფორმა, პოლიტიკური მრავალფეროვნება ახლა უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა,"- დაწერა ბირმანმა. 

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი ჯონათან კაცი ამბობს, რომ ვაშინგტონში იმედგაცრუებულები არიან, რომ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო ცვლილებები "რომლებიც ასეთი საჭირო იყო", ჩავარდა.  

"ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ, პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც,"- თქვა კაცმა. 

კანონპროექტის ჩავარდნაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილს ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დევიდ კრამერმაც

"ოპოზიცია არ შეიძლება დღევანდელ შედეგში დაადანაშაულონ,"- თქვა კრამერმა. 

საქართველოში შექმნილ ვითარებას ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International გამოეხმაურა, რომელიც პროტესტს, მათ შორის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას, მშვიდობიან მანიფესტაციად მოიხსენიებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ 18 და 26 ნოემბერს პარლამენტთან აქციების დაშლის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ წყლის ჭავლების გამოყენება არც პროპორციულ ძალას წარმოადგენდა და არც საჭირო იყო. 

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაკავება, რაც ადამიანის უფლებების დამრღვევია. 

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორი დენიელ ბალსონი ასევე გამოეხმაურება მშვიდობიანი დემონსტრაციების დაშლას სპეცრამიზ მიერ. 

"ვაშინგტონში აღნიშნავენ, როგორ ეპყრობიან უშიშროების ძალები მომიტინგეებს,"- დაწერა მან. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები