ნარკოპოლიტიკა

მოქალაქის თქმით, პოლიცია მის წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივანიშვილს LIVE-ში აგინა

მოქალაქე ამბობს, რომ პოლიცია მის წინააღმდეგ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში აგინა. ანდრია ფენის განცხადებით, ამ ფორმით მასზე ზეწოლა ხდება.

ის ტაბულასთან ჰყვება, რომ პოლიციელებმა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ავლაბრის მეტროსთან გააჩერეს და ჰკითხეს, არის თუ არა "გირჩელი", რადგან ჩანთაზე ამ პარტიის სტიკერი ჰქონდა მიკრული. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ეს დაუდასტურა, უთხრეს, რომ უნდა გაჩხრიკონ.

"არც გამარჯობა უთქვამთ, არც არაფერი, ძველი ბიჭებივით მოვიდნენ და მკითხეს - "შენ, ბრატ, გირჩელი ხარ?". კი, რამე პრობლემაა-მეთქი? მაშინ უნდა გაგჩხრიკოთო. ჩანთაში მქონდა პატარა კონტეინერი, სადაც იყო მარიხუანას თესლი. თვითონვე ამოვიღე და მივაწოდე, რადგან ვიცი, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო არ არის. გადაუღეს ფოტოები, მეც გადამიღეს, დაიწყეს სადღაც რეკვა და მერე ვიღაც მოვიდა "შკოდით". იმას ესაუბრნენ დაახლოებით 10 წუთით, მერე მითხრეს, რომ განყოფილებაში უნდა გადამიყვანონ", - ამბობს ანდრია ფენი ტაბულასთან.

მოქალაქე აღნიშნავს, რომ პოლიციელებს განყოფილებაში გაჰყვა, სადაც ოქმი გამოუწერეს, მისი კონტეინერი კი შეინახეს. 22 ნოემბრის დილამდე, თითქმის ორი თვის განმავლობაში მას არავინ დაკავშირებია. მას შემდეგ, რაც 21 ნოემბერს, სასამართლოს დერეფნიდან ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში აგინა, რამდენიმე საათში დაურეკეს და უთხრეს, რომ ექპერტიზის პასუხები მზადაა და უნდა გამოცხადდეს.

"განყოფილებაში რომ წამიყვანეს, ვხვდებოდი, რომ რამე აქტივიზმის ან აქციების დროს დამირეკავდნენ. რადგან კონტეინერიც კი დაიტოვეს, მაშინვე ვიფიქრე კიდეც, რომ შეიძლება რამე სხვა ნივთიერება ჩაედოთ. იქ არ ყოფილა არანაირი მარიხუანა და არც თესლი შეიცავს. კარგად ვჩანდი პირდაპირ ეთერში და ამ ვიდეოდან 4-5 საათში, პოლიციის ზარები დამხვდა. გადავრეკე და მითხრეს, რომ მზადაა ექსპერტიზის პასუხები და უნდა მივიდე", - ამბობს ის ტაბულასთან.

​ანდრია ფენი აღნიშნავს, რომ პოლიციაში თავდაპირველად 25 ნოემბერს უნდა მისულიყო, თუმცა აქციის გამო გადადეს. 27 ნოემბერს, 11-ის ნახევარზე კი დაურეკეს და უთხრეს, რომ 11-ზე სასამართლო პროცესი აქვს. მოქალაქის თქმით, გამომძიებელს უთხრა, რომ ვერ მივიდოდა, რადგან გაფრთხილებული არ იყო და სასამართლოს შესახებ მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გააგებინეს.

"თვითონაც გამოთქვა მზაობა პროცესის გადადებაზე. მოგვიანებით დავურეკე იმის გასარკვევად, როდის უნდა ყოფილიყო სასამართლო და რა რაოდენობის კანაფი აღმოაჩინეს ჩემს კონტეინერში. ცოტა გაღიზიანდა ეს რომ ვკითხე, როცა მოხვალთ, მაშინ გაიგებთო მითხრა. თურმე ექსპერტიზას დაუდგენია, რომ თესლებში 0.44 გრამი THC აღმოჩნდა", - აღნიშნავს ანდრია ფენი.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ 27 სექტემბერს აღმოჩენილ მარიხუანას თესლებზე ექსპერტიზა მიმდინარეობდა.

"27 სექტემბერს ანდრია ფენი გადამოწმების მიზნით შეაჩერა პოლიციამ, რა დროსაც, მისი პირადი გასინჯვისას, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას თესლები. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. 27 ნოემბერს იყო სასამართლო პროცესი ჩანიშნული, რომელიც ფენის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო. სამართალდამცველები ანდრია ფენს დაუკავშირდნენ იმისთვის, რომ ეცნობებინათ შემდეგი სასამართლო პროცესის თარიღი", - ამბობენ უწყებაში.

შსს ანდრია ფენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარებას ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას გულისხმობს.

კომენტარები