ჰონგ-კონგში ათასობით მომიტინგე აშშ-ის მიერ ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონის მიღებას აღნიშნავს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რომელიც სენატმა გასულ კვირას მიიღო და მხარს უჭერს ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებს. ჰონგ-კონგში ნახევარი წელია მილიონობით ადამიანი პეკინის გაზრდილ გავლენას აპროტესტებს და დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს.
დღეს ჰონგ-კონგის ქუჩებში ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი არაერთხელ გააჟღერეს. მომიტინგეებს ხელში ეკავათ აშშ-ის დროშები და პოსტერები წარწერით "მადლობა, ამერიკა!"; "თავისუფლება ჰონგ-კონგს! ჩვენი დროის რევოლუცია". ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ჰონგ-კონგის ახალი, არაოფიციალური ჰიმნიც იმღერეს.
აშშ-ის მიერ მიღებული კანონი იძლევა ყოველწლიური შემოწმების საშუალებას, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.
გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.
"ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტზე პრეზიდენტ ტრამპის ხელმოწერით, შევიწროების პირისპირ ჩვენ ვაჩვენეთ ამერიკის მხარდაჭერა თავისუფლებისადმი. პეკინს არ შეუძლია მათი გაჩერება, ვინც დემოკრატიას ესწრაფვის და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ განგრძობად მხარდაჭერას თავისუფალი ჰონგ-კონგისთვის," - რესპუბლიკელმა სენატორმა კევინ მაკარტნიმ თვითერზე დაწერა.
ჰონგ-კონგელი ოპოზიციონერები და აქტივისტები ამბობენ, რომ აქ არ გაჩერდებიან და სხვა ქვეყნებსაც სთხოვენ მსგავსი კანონპროექტის მიღებას, რათა ჰონგ-კონგის მთავრობასა და ცენტრალურ, პეკინის მთავროაზე წნეხი გაზარდონ.
დღეს ერთერთ ოპოზიციონერს, ჯოშუა ვონგს ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებების საკითხზე იტალიის პარლამენტში LIVE Stream-ით მოუსმინეს - "ჰონგ-კონგის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ საერთაშორისო ადვოკატირებას."
კანონპროექტზე ხელმოწერისას ტრამპმა თქვა, რომ კანონს ხელი "პრეზიდენტ სი ძინპინის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის პატივისცემის" გამო მოაწერა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ აშშ-ს ბოროტი განზრახვა აქვს და საპასუხო ზომებს მიიღებდნენ.
ამ დრომდე უცნობი იყო მოაწერდა თუ არა ტრამპი კანონპროექტს ხელს, ვინაიდან ამჟამად აშშ ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებებს აწარმოებს. მიუხედავად ამისა, კანონს კონგრესში იმდენად ფართო მხარდაჭერა ჰქონდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში მის დაძლევას შეძლებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგის აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.