ქიმიური იარაღი

აშშ რუსეთს სირიაში ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დაფარვაში ადანაშაულებს

Reuters

აშშ რუსეთს ადანაშაულებს, რომ სირიაში ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დამალვაში ეხმარებოდა და ქიმიური იარაღის გლობალურ სააგენტოს მუშაობაში და დამნაშავეთა ამოცნობაში ხელს უშლიდა.

კომენტარი ამ საკითხზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აშშ-ის წარმომადგენელმა კენეთ უორდმა ჰააგაში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ რუსეთი და სირია ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევის დაფარვას ცდილობენ.

"სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციამ ცენტრალური როლი ითამაშა ამის დამალვაში. რუსეთი და სირია შესაძლოა აქ ჩვენთან ერთად ისხდნენ, მაგრამ ჩვენგან შორს დგანან ფუნდამენტურ საკითხებში. ისინი აგრძელებენ ქიმიური იარაღის გამოყენებას." თქვა მან.

მოსკოვში უორდის ბრალდება უარყვეს. რუსეთში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას იმ დოკუმენტის გაყალბებაში ადანაშაულებენ, რომლის დასკვნაშიც ნათქვამია, რომ 2018 წლელს დამასკოში ქიმიური იარაღის სახით ქლორი გამოიყენეს. 2018 წლის 7 აპრილს დედაქალაქთან ახლოს მდებარე ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის მთავრობის წინააღმდეგ ერთობლივი საჰაერო იერიში განახორციელეს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებს, რათა დაადგინოს ვინ იდგა დუმაზე თავდასხმის უკან. ანგარიში მომავალ წელს გამოქვეყნდება. სირიის მთავრობაში ამბობენ, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებენ და ბრალდებას შეთხზულს უწოდებენ.

კომენტარები