საფრანგეთი

მაკრონი NATO-ს: ჩვენი საერთო მტერი რუსეთია? ჩინეთი? ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, NATO-მ მისი ფოკუსი რუსეთიდან და ჩინეთიდან უნდა შეიცვალოს.

მომავალ თვეებში მას სურს NATO-ს წევრ ქვეყნებთან გაარკვიოს თუ ვინ არის NATO-ს საერთო მტერი და რა არის საერთო პრობლემები - "ეს საკითხი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს რუსეთია? ჩინეთი? NATO-ს მიზანია, რომ ისინი მტრად გამოაცხადოს? არ ვფიქრობ ასე. ალიანსში ჩვენი საერთო მტერი ტერორიზმია, რომელმაც ჩვენ წევრ ყველა ქვეყანაზე დატოვა კვალი".

მაკრონმა რუსეთზე საუბრისას თქვა - "ჩვენ ნათელი, ძლიერი და მომთხოვნი დიალოგი გვსურს რუსეთთან, არც გულუბრყვილო და არც თვითკმაყოფილი. რუსეთთან დიალოგზე არ წასვლას ევროპა უფრო უსაფრთხო არ გაუხდია". 

"რუსეთი, გეოგრაფიულად, ევროპის ნაწილია," - დასძინა მან.

მაკრონმა 9 დეკემბერს დაგეგმილი ნორმანდიის სამიტიც ახსენა, სადაც რუსეთის, უკრაინის და გერმანიის ლიდერებთან უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხს განიხილავენ.

მაკრონი აშშ-ისა და რუსეთის მიერ შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, შეთანხმება, რომელიც INF-ს ჩაანაცვლებს, ევროპელების ჩართულობას მოითხოვს და "ეს ევროპის უსაფრთხოების საკითხია".

ტერორიზმის საფრთხეზე საუბრისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO-ს მოუწოდა, რომ საჰელსა და ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან საბრძოლველად საფრანგეთის ჯარებს დასახმარებლად მეტი გაეკეთებინა.

აგვისტოში მაკრონმა G7 სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის ევროპიდან გაძევება მათ ინტერესში არ არის.

"ევროპული კონტინენტი არასდროს იქნება სტაბილური, არასდროს იქნება უსაფრთხო, თუ ჩვენ არ დავალაგებთ და გავარკვევთ ჩვენ ურთიერთობებს რუსეთთან. ეს, რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენი მოკავშირის ინტერესში არ არის და ზოგ მოკავშირეს მეტი სანქცია სურს იმიტომ, რომ ეს მათ ინტერესშია, მაგრამ ეს ჩვენ ინტერესში არაა," - თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლის დასაწყისში რუსეთის ნარატივიც გაიმეორა და მსოფლიოში "დასავლური ჰეგემონიის დასასრულზე" გაამახვილა ყურადღება. ამის მაგალითად მან რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკაც მოიხმო. 

"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის მომავალი სრულიად ევროპულია. ჩვენ გვჯერა ასეთი ევროპის, რომელიც ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე გაგრძელდება".

კომენტარები