მაკრონი

მაკრონი: სიტყვები "NATO-ს ტვინი მკვდარია" ალიანსისთვის სასარგებლო გამომაფხიზლებელი იყო

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე კვირის წინ ნათქვამი თავისი სიტყვები "NATO-ს ტვინი მკვდარია" დაიცვა და თქვა, რომ ეს განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის სასარგებლო და გამომაფხიზლებელი იყო.

"მოხარული ვარ, რომ ეს მათ გაიგეს," - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონი მოხარულია იმით, რომ ახლა "ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ სტრატეგიულ მიზნებზე ჯობს დაფიქრება”.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მან გაურკვევლობას ნათელი მოჰფინა და ამის გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებდა.

"მშვიდობა ევროპაში, INF-ის შემდგომი სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობა, თურქეთის პრობლემა. ვინ არის მტერი?" - საფრანგეთის პრეზიდენტის აზრით, მანამ, სანამ ეს საკითხები არ გადაწყდება ისეთ საკითხებზე მოლაპარაკება, როგორიც მაგალითად, ალიანსში ხარჯების განაწილებაა, ნაადრევია.

ალაინის გენერალური მდივანი მის სიტყვებს გამოეხმაურა და მაკრონს უთხრა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის ნამდვილად არსებობდა განსხვავებები, თუმცა "ალიანსის სიძლიერე არის ის, რომ ჩვენ მსგავსი განსხვავებები ადრეც გვქონია და ყოველ ჯერზე ამის გადალახვას ვახერხებით".

ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

NATO-ს ტვინის სიკვდილზე მაკრონის სიტყვებს არაერთი დასავლელი ლიდერი არ დაეთანხმა. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, NATO-ს შენარჩუნება გერმანიის ერთერთი უმთავრესი ინტერესი იყო.

მაკრონის სიტყვებს პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოეხმაურა. მან NATO-ს წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ NATO-ს ხელშეკრულებაში კოლექტიური თავდაცვის გარანტიის ეჭვქვეშ დაყენება ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის მომავლის საფრთხე იყო.

მაკრონის განცხადებას არ დაეთანხმა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომელსაც ტრანსატლანტიკური კავშირების დასუსტების მცდელობა ევროპისთვის საფრთხედ მიაჩნია.

მათ საპირისპიროდ, მაკრონის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

კომენტარები