აქციები პარლამენტთან

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს 

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას შემოუარეს შეძახილებით "მონებო", "სირცხვილი" და ა.შ.

აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას 10:00 საათიდან გეგმავდნენ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის დეპუტატები უკვე შენობაში იყვნენ. მათ საკანონმდებლო ორგანოში მისვლა პლენარულ სხდომამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაიწყეს.

ამ დროისთვის პარლამენტის ირგვლივ ქუჩები თავისუფალია, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს გზები ჩახერგილი არ აქვს და ტრანსპორტიც მოძრაობს.

რკინის კედელი აღმართულია მხოლოდ პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ქუჩა აქაც თავისუფალია, თუმცა უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა შეზღუდულია.

პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ჩანიშნულია ორი კომიტეტის, ასევე, ბიუროს სხდომა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებდა. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, მათ ნაწილს ეზოში ოპოზიცია დახვდა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა", "სირცხვილი" და ა.შ.

კომენტარები