პარლამენტის პიკეტირება

ჩვენი ყურადღება არ მოაკლდებათ- აქციის მონაწილეების გეგმები

ტაბულა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას შეძახილებითა და სტვენით შემოუარეს.

პარლამენტში, რომლის პიკეტირებასაც აქციის მონაწილეები გეგმავდნენ, ქართული ოცნების დეპუტატები უკვე შეიკრიბნენ. ისინი პიკეტის ასაცილებლად საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით სამი საათით ადრე მივიდნენ. 

ოპოზიციის წევრების თქმით, იმის მიუხედავად, რომ დეპუტატები პარლამენტში "შეიპარნენ", მათი გეგმები უცვლელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, მომავალში ისინი პარლამენტთან გაათენებენ.

"ჩვენ არ დავიღლებით. შემდგომი სესია რომ დაინიშნება, ისევ ღამეს გავათევთ და ისევ დავდგებით აქ. შემდეგ როგორ შევლენ, ვნახავთ. ის ხვრელებიც ვიცით, საიდანაც გუშინ შედიოდნენ დეპუტატები, იმ ხვრელებსაც აუცილებლად ამოვქოლავთ. არ მივცემთ ქართული ოცნების დეპუტატებს იმ კომფორტს, რომ თავისუფლად შედიოდნენ პარლამენტში. დღეს გსაგებია, რომ უკვე შიგნით არიან, ჩვენ დავდგებით შენობის გარეთ, რომ მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ხმამაღალი პროტესტი დეპუტატებს. იმედია, დღე აღარ გამოიყენებენ წყლის ჭავლს და რობოკოპებს",-ამბობს უდუმაშვილი. 

როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, გიგი უგულავა ამბობს, პიკეტირება გაგრძელდება. მისივე თქმით, ქართული ოცნება ხალხს უქმნის პრობლემებს, აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი კი, უგულავას თქმით, "ოცნებისთვის" პროლემების შექმნაა. 

"დილის შვიდ საათზე, გამთენიისას ვიხილეთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატები უკვე შელაგებულები იყვნენ პარლამენტის შენობაში. ეს ჩვენს გეგმებს არანაირად არ ცვლის, გარშემო ბევრი სხვა ღონისძიებაც არის. [..] პიკეტი ძალაშია, ჩვენ მივალთ იქ, ყველგან, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი გახარია დგას. გახარია იქნება თუ წულუკიანი, დღეს ჩვენი ყურადღება არ მოკლდებათ,"-თქვა უგულავამ. 

ამ დროისთვის პარლამენტის ირგვლივ ქუჩები თავისუფალია, ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს გზები ჩახერგილი არ აქვს და ტრანსპორტიც მოძრაობს.

რკინის კედელი აღმართულია მხოლოდ პარლამენტის უკანა შესასვლელთან. ქუჩა აქაც თავისუფალია, თუმცა უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლა შეზღუდულია.

პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ჩანიშნულია ორი კომიტეტის, ასევე, ბიუროს სხდომა.

კომენტარები