პარლამენტის პიკეტირება

ოხანაშვილი პარლამენტში ადრე მისვლაზე: რა მჭირს აქტივისტებისთვის თავის ასარიდებელი?

"საქმეს როგორც სჭირდება, თვქენ რატომ უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში?", - ასე პასუხობს ანრი ოხანაშვილი ტაბულას კითხვას, თუ რომელ საათზე მივიდა დღეს პარლამენტში.

ეს კითხვა უმრავლესობის წევრების მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ პარლამენტში მისვლა სხდომამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაიწყეს. მათი მანქანები დილიდან საკანონმდებლო ორგანოს ეზოშია.

კითხვაზე, პარლამენტში დილით ადრე მისვლით არიდებენ თუ არა სამოქალაქო აქტივისტებს თავს, ოხანაშვილის ამბობს, რომ მას "არაფერი სჭირს აქტივისტებისთვის თავის ასარიდებელი".

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, გუშინ, 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე რკინის ჯებირების აღმართვას "თავისი ლოგიკა" ჰქონდა.

პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ჩანიშნულია ორი კომიტეტის, ასევე, ბიუროს სხდომა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება დღესაც იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებდა. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, მათ ნაწილს ეზოში ოპოზიცია დახვდა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა", "სირცხვილი" და ა.შ.

კომენტარები