აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან

წულუკიანი აქციაზე: ვერ ვინატრებდით ასეთ რეკლამას, დისკომფორტი არ არსებობს

Presa.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტროს ღონისძიების პარალელურად აქცია და ხმაური დისკომფორტს არ უქმნის და ვერც ინატრებდა ასეთ რეკლამას.

წულუკიანის განცხადებით, ღონისძიება ეხებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების 30-ე წლისთავს და აქციაზე მყოფი ადამიანები სწორედ ისინი არიან, ვინც "ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში".

"არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირიდან, UNICEF-იდან, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს. ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ, ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამ ფონისთვის, ამით ჩვენ შევძელით საზოგადოებისთვის დღეს დაგვენახებინა რეალურად ის თუ როგორი იყო მათი სახე, როდესაც ბავშვებს ციხეში ყრიდნენ, როდესაც არ არსებობდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი", - თქვა მან მედიასთან ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ აქციაზე მყოფი ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, "ფეხქვეშ თელავდნენ გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციას", ხოლო დღეს, გატარებული რეფორმების წყალობით, 4000-ზე მეტი ბავშვი იქნა განრიდებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.​

"ანუ ეს 4000 ბავშვი, რომელიც ჩვენი რეფორმების წყალობით არ მოხვდა ციხეში და მოხვდა ან საგანმანათლებლო, ან განრიდება-მედიაციის პროგრამაში, ისინი რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, მოხვდებოდა ციხეში", - დასძინა წულუკიანმა.

მან ეროვნული ბიბლიოთეკა პოლიციის კორდონის დახმარებით, აქციის მონაწილეთა შეძახილების ფონზე დატოვა.

კომენტარები