ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

ჰარცელი გაფრინდაშვილზე: ჩართულები ვართ გამოსავლის პოვნის მცდელობაში

0 კომენტარი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა პარლამენტში ვიზიტისას ჟურნალისტებთან ისაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე:

"რაც შეეხება ექიმთან დაკავშირებულ სიტუაციას, იცით, რომ ჩვენ, ბევრი სხვის მსგავსად ესოდენ ჩართულები ვართ გამოსავლის პოვნის მცდელობაში. ჩვენ, ევროკავშირის მხარე კვლავ ვმუშაობთ ამ საკითხზე ამა თუ იმ საშუალების გამოყენებით, მაგრამ როგორც ვთქვი, კიდევ მრავალი სხავა ცდილობს უზრუნველყოს, რომ მისი უკანონოდ დაკავება გამოსწორდეს." - ამბობს ჰარცელი.

უკვე 21 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები