თალიბანი

ავღანეთში ტრამპის ვიზიტის შემდეგ თალიბანი აშშ-თან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის

მადლიერების დღეს ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ თალიბანი აშშ-თან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მზად არის. ამის შესახებ თალიბანის სპიკერმა ზაბიულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა. 

ქაბულში სამხედროებისადმი მიმართვაში ტრამპმა თქვა, რომ აშშ თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ ავღანეთში სამხედრო ძალების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

მუჯაჰიდის თქმით, თუ მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ის გაგრძელდებოდა იქიდან, სადაც გაჩერდნენ.

თალიბანის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ გასული კვირიდან დოჰაში ისინი ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავდნენ და შესაძლოა, მალე ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკებებიც გაეგრძელებინათ.

თალიბანის ერთერთი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ტრამპის ვიზიტი ავღანეთში დაამტკიცებს იმას, რომ მოლაპარაკებების დაწყების საკითხს სერიოზულად უყურებს. 

"ჩვენ ვხვდებით მათ [თალიბანს] და ვეუბნებით, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. მათ არ სურდათ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ახლა სურთ. ჩემი აზრით ამგვარად მუშაობა შესაძლებელია. ჩვენ დავრჩებით მანამდე, სანამ გვექნება შეთანხმება ან გამარჯვება. მათ ძალიან სურთ შეთანხმება," - თქვა ტრამპმა ავღანეთში ვიზიტის დროს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპი ავღანეთში ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისაც შეხვდა.

ამჟამად ავღანეთში 13,000 ამერიკელი სამხედრო რჩება. ტრამპმა ქვეყანა უკვე დატოვა. მისი ვიზიტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იყო. თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ვიზიტისას პრეზიდენტის ტვიტერზე პოსტები მაინც იდებოდა, რათა ხანგრძლივ სიჩუმეს ვინმე არ დაეეჭვებინა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თალიბანის უკანასკნელი თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ დაჯგუფებამ მშვიდობისადმი მათი გულწრფელი მზაობა უნდა აჩვენოს.

აშშ-ის მხრიდან თალიბანთან მოლაპარაკებებს ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი აწარმოებდა. მან თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

გასულ კვირას თალიბანის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ დოჰაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.

აშშ-ის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შეხვედრის ორგანიზებას ახლა ჩინეთიც გეგმავს.

კომენტარები