ერაყი

ერაყის პრემიერმინისტრმა აქციების ფონზე პარლამენტს გადადგომის წერილით მიმართა

ერაყის პრემიერმინისტრმა ადილ აბდულ მაჰდიმ თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება.

"ამ მოწოდების საპასუხოდ, იმისათვის, რომ ეს დროულად გახდეს შესაძლებელი, მე პარლამენტს წარვუდგენ მოქმედი მთავრობის და ქვეყნის ლიდერობიდან გადადგომის მოთხოვნას." ნათქვამია მაჰდის განცხადებაში.

აიათოლა ალი ალ-სისტანიმ აქციების დაწყების შემდეგ დემონსტრანტებს მშვიდობიანი პროტესტისაკენ, ხოლო ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებისაკენ მოუწოდა.

ერაყში საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. დაიღუპა 400-მდე ადამიანი. მხოლოდ აქციების პირველ კვირას უშიშრეობის ძალებმა 149 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება. მთავრობა მათ რეფორმებს, მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირთა ხელფასების შემცირებას და უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებას დაჰპირდა, თუმცა აქციები არ წყდება.

კომენტარები