სასაზღვრო კონტროლი

ევროკავშირის კონსულტანტი: ქართველმა მესაზღვრემ მითხრა, რიგიდან გადადი, NGO-ები არ მიყვარსო

მაქს ფრასი

ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს კონსულტანტი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის მკვლევარი, მაქს ფრასი ყვება, რომ ქართველმა მესაზღვრემ უხეშად მოუწოდა, გადასულიყო საპასპორტო შემოწმების რიგიდან, რადგანაც მას "არასამთავრობო ორგანიზაციები არ უყვარს."

ფრასი მომხდარის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. მისი მონაყოლი ასეთია:

"თბილისის აეროპორტში პოლიციის ოფიცერს მივაწოდე პასპორტი და ჩასხდომის ბარათი. შეამჩნია, რომ ბევრი ქართული შტამპი მქონდა.

- სადაა თქვენი ბინადრობის ნებართვა?

- არ მაქვს, ვიზიტორი ვარ.

- რას საქმიანობთ?

- ევროპის საბჭოს/ევროკავშირის კონსულტანტი ვარ.

- კარგი, რას ნიშნავს ეგ?

- სამოქალაქო საზოგადოება... ხომ იცით, არასამთავრობო ორგანიზაციები...

- არ მიყვარს შენი NGO-ები, წადით სხვა რიგში!

- უკაცრავად, რას ბრძანებთ?

- რაც გაიგეთ, ეს ქვეყანა თქვენი არაა!

- რატომ?

- უბრალოდ წადით.

- შეგიძლიათ თქვენი თავის იდენტიფიცირება? საიდენტიფიკაციო ნომერი, ჩინი, სახელი...

- არა.

- შეიძლება, ვესაუბრო უფროს საიმიგრაციო ოფიცერს ან ზემდგომ პირს აეროპორტში?

- არა, მე ვარ აქ უფროსი."

როგორც მაქს ფრასი წერს, უკვე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას, საქმე გახსნილია, თუმცა შემდგომ განვითარებაზე ინფორმაცია არ აქვს. ფრასის თქმით, უკვე 15 წელია, რაც საქართველოს სტუმრობს, თუმცა მსგავსი რამ პირველად გადახდა.

კომენტარები