ლაშა ჩხარტიშვილი

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციაზე დაკავებულ ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ლაშა ჩხარტიშვილი

ლეიბორისტული პარტიის წევრს, ლაშა ჩხარტიშვილს, რომელიც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ჩხარტიშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თავად ჩხარტიშვილი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა. საქმე იმაშია, რომ ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ფილიშვილი აქციის მონაწილეთა მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ფილიშვილმა 3-დან 13 დღემდე პატიმრობა შეუფარდა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ პირებსაც.

ჩხარტიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ჩხარტიშვილის გარდა კიდევ 5 ადამიანი დააკავეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავდა, პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. შენობა იუსტიციის მინსიტრმა შეძახილების ფონზე "მონა" დატოვა.

კომენტარები