პროპორციული არჩევნები

"მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ" - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დაიწყო

სასტუმრო ბილტმორში ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა იწყება. მას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

"ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენი პარტნიორების რჩევას, მათ მოსაზრებას, რომ შევხვედროდით ოპოზიციას, ხელისუფლება მზად არის ამ შეხვედრისთვის, მოვისმენთ, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ ოპოზიცის წარმომადგენლებს და ვფიქრობთ, ეს ხელს შეუწყობს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნებას.

ჩვენ აქამდეც არაერთხელ მივმართეთ ოპოზიციას, რომ პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში, უნდა დაბრუნდეს კონსტრუქციულ ფარგლებში, დღეს როგორც ვხედავთ, ეს შეხვედრა შედგება, ვნახოთ, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ხდება ეს მნიშვნელოვანი მოწოდება, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. წინ გვაქვს 2020 წლის არჩევნები და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამაც აიღოს პასუხისმგებლობა და ჩაერთოს იმ პროცესში, რასაც ჰქვია დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადება.

ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის, მზად ვართ, გავითვალისწინოთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა, მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას დღეს, იქნება ეს გერმანული მოდელი თუ სხვა ნებისმიერი საკითხი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, ჩვენი პოზიციები, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხდეს არგუმენტების გაცნობა.

ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დაბრუნებულიყო ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიციის ნაწილი მაინც აგრძელებდა დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ ვფიქრობთ, ასევე იმაზეც, რომ მივცეთ ოპოზიციას ნებისმიერი დრო, თუ ისინი ფიქრობენ, რომ დესტრუქციით და პიკეტოლოგიით არის შესაძლებელი პოლიტიკის კეთება, რაიმე შეთანხმების მიღწევა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო პარტნიორების რჩევა და მზად ვართ მოვუსმინოთ ოპოზიციას, რა წინადადებები აქვთ, რა არგუმენტები აქვთ, გვესმოდა სხვადასხვა მოდელებზე საუბარი, ახლა ამ ფორმატში შესაძლებელი იქნება კონკრეტული არგუმენტების განხილვა" - თქვა თალაკვაძემ შეხვედრის დაწყების წინ.

კომენტარები