პროპორციული სისტემა

ლელო: პრინციპულად მიგვაჩნია, მოლაპარაკებებში ჩაერთოს "სირცხვილია"

მამუკა ხაზარაძე
ლელო

"პრინციპულად მიგვაჩნია, მოლაპარაკებებში ჩაერთოს "სირცხვილია" - ამის შესახებ განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება "ლელო" ავრცელებს. ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკება სასტუმრო "ბილტმორში" მიმდინარეობს.

"პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღებით, ხელისუფლებამ პოლიტიკური პროცესი ჩიხში შეიყვანა. მოქალაქეების, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ერთიანი და პრინციპული პოზიციონირების შედეგად, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, დღეს დაიწყო დიალოგი ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მონაწილოებით.

აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი, იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლს და პასუხისმგებლობას ამ პროცესში.

ამავე დროს, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია "სირცხვილია", რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე. სწორედ ამ ადამიანების თანმიმდევრულმა, პრინციპულმა და სწორმა პროტესტმა შექმნა 2020 წელს არჩევნების პროპორციულად ჩატარების შესაძლებლობა.

პროპორციული არჩევნები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის თითოეული მოქალაქის უფლება, მიიღოს მონაწილეობა სამართლიან არჩევნებში. ამასთან, „სირცხვილიას“ ჩართვა ამ პროცესში გაზრდის პროცესის ანგარიშვალდებულებას ფართო საზოგადოების წინაშე, რაც აუცილებელია" - აცხადებს ლელო.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გუშინ დაიგეგმა. ქართული ოცნება აცხადებს, რომ მათ სტრატეგიული პარტნიორების რჩევები გაითვალისწინეს. შეხვედრას ესწრება დიპლომატიური კორპუსი. 

შეხვედრის დაწყებამდე, სამოქალაქო მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" განცხადება გაავრცელა და ოპოზიციას მოუწოდება, იმოქმედოს მკაცრად განსაზღვრული მანდატით ერთადერთი შედეგის მისაღებად - პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური პარტიები არ არიან საპროტესტო აქციების ერთადერთი წარმმართველები და შესაბამისად, ვერ მიიღებენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მათი შეწყვეტის ან გაგრძელების თაობაზე. 

შეხვედრის დაწყებამდე "სირცხვილიას" ორგანიზატორების შეხვედრაზე არმიწვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შეხვედრის უცნაური ფორმატი შესთავაზა, რადგან მოლაპარაკებებზე სამოქალაქო აქტივისტები არ მიიწვია. თუმცა, დეპუტატი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არ მისცემდნენ საბაბს, ეთქვა, რომ "ოპოზიციამ ჩაშალა შეხვედრა. ამიტომ, რა თქმა უნდა, აქ ვართ".

კომენტარები