პროპორციული სისტემა

წულუკიანი: ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა, რომ გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია

ტაბულა

იუსტიციის მინისტრი, ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია უცვლელია - გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია.

წულუკიანმა ეს მმართველი გუნდის ოპოზიციასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. შეხვედრა, რომელიც დილის 10 საათზე, სასტუმრო ბილტმორში დაიწყო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.

"მთავარი არის საქართველო - სწორედ ამ პრინციპის დაცვით გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრების შეთავაზებას დათანხმებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს დამჯდარიყო მაგიდასთან.

საკითხი, რასაც ითხოვს ოპოზიცია, არის თუ არა გერმანული მოდელი კონსტიტუციური - შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური და ჩვენს ურყევ პოზიციად დარჩა ის, რომ ეს მოდელი არის ანტიკონსტიტუციური და ამაზე მომდევნო დებატები ვეღარ გაიმართება. ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ უნდა სხვა შემოთავაზებები გაჟღერდა უცხოელი კოლეგებისგან და თუ ეს შემოთავაზებები დარჩება ძალაში, ქართული ოცნება ის ძალაა, რომლისთვისაც მთავარი ქვეყანაა დ რა თქმა უნდა, მზად არის დიალოგისთვის. მაგრამ, ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება. საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც წერია, არის ძალაში, გერმანული მოდელი არის არაკონსტიტუციური", - თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, "უცხოელი კოლეგების მხრიდან სხვა შემოთავაზებებიც გაჟღერდა", თუმცა, რა წინადადებებზეა საუბარი, წულუკიანს არ დაუკონკრეტებია.

"თუ ეს შეთავაზებები შეესაბამება დღეს მოქმედ კონსტიტუციას, ქართული ოცნება არ დაიზარებს და გაითვალისწინებს", - თქვა მან. 

წულუკიანმა ასევე თქვა, რომ ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერავითარი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც მმართველ გუნდს დაარწმუნებდა, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, ვერ წარმოადგინა. 

"კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ვაქციოთ გერმანული მოდელი კონსტიტუციურად და ხომ არ არის პოლიტიკურ გუნდში იმის მზაობა, რომ კონსტიტუციის ცვლილება ვცადოთ, იმისთვის, რომ გერმანული მოდელი ვაქციოთ კონსტიტუციურად, ჩვენი პასუხია - არა, ჩვენი გუნდის შიგნით რესურსს ვერ ვხედავთ, რომ კიდევ ერთხელ ვცადოთ კონსტიტუციის ცვლილება. თუმცა, დიალოგი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ვცემთ პატივს და თუკი იქნება მომავალი შეხვედრა ჩანიშნული, ჩვენ ამ შეხვედრებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას", - თქვა მინისტრმა. 

____________________________________________________________________________

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

კომენტარები