ოპოზიციის შეთანხმება

უსუფაშვილი: დიალოგი დღეს არ დამთავრებულა, ოცნების მცდელობის მიუხედავად, ეს არ დავუშვით

0 კომენტარი

ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი ერთერთი ავტორი, დავით უსუფაშვილი, რომელიც დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, იმ სამ დადებით ფაქტორს გამოყოფს, რის გამოც ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. 

უსუფაშვილის თქმით, პირველი, რის გამოც ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ისაა, რომ ხელისუფლების მიერ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით "დახურული კარი" გაიხსნა. 

"მათ აღარ სურდათ არანაირი ლაპარაკი და ამბობდნენ, რომ მორჩა ყველაფერი,"- თქვა უსუფაშვილმა. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, ქართველი ხალხის, დემონსტრანტებისა, პოლიტიკური ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი მოქმედებებით, ეს კარი გაიხსნა, რაც კარგია. 

"მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ეს კარი დღეს არ დახურულა, ეს დიალოგი დღეს არ დასრულებულა. მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ ეს არ დავუშვით,"- ამბობს დავით უსუფაშვილი. 

მისი შეფასებით, შეხვედრის მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ ხელისუფლებამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების თანდასწრებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელი განიხილა, რომელიც უსუფაშვილის თქმით, ერთდროულად აკმაყოფილებს მაჟორიტარების მოთხოვნასაც, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნასაც, ბიძინა ივანიშვილის დაპირებასაც და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსაც. 

უსუფაშვილი ამბობს, რომ ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან შინაარსობრივი არგუმენტები ვერ მოისმინა და რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებდნენ იმის მტკიცებას, რომ საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

"ამის თაობაზე ჩვენი მკაფიო შეთავაზება, რომ მოდი, ერთად გავაგზავნოთ ეს დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში და მათი რეკომენდაციების მიხედვით, ვიმოქმედოთ, იყო უარყოფილი,"- ყვება უსუფაშვილი. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაუსვეს კითხვა, რომ თუკი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ კონსტიტუციას არ შეესაბამება, მზად არის თუ არა ხელისუფლება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ანუ 113 ხმით მოაგვაროს ეს პრობლემა. უსუფაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ამ შეკითხვაზე უპასუხა, რომ "სხვა მიზეზების გამო" ქართული ოცნება პრაქტიკულად ვერ ხედავს იმის შესაძლებლობას, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყოს საუბარი. 

"ალბათ, ეს შედეგია იმ ეროზიის, რომელიც მიმდინარეობს გუნდში,"- ამბობს დავით უსუფაშვილი. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოპოზიცია აგრძელებს სამოქმედო გეგმის მიხედვით მუშაობას და ცალმხრივად გაგზავნიან კანონპროექტს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რათა არაკონსტიტუციურობის საბაბის წინააღმდეგ მეტი არგუმენტის მოპოვება შეძლონ. 

"ჩვენი კოლეგები საერთაშორისო საზოგადოებიდან, მოგვიწოდებდნენ, რომ იქნებ, სხვა გამოსავალი არსებობს, ჩვენ ვკითხეთ ხელისუფლებას. ეს თუ არ მოგწონთ კონსტიტუციურობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, ხომ არ გაქვთ რაიმე აზრი და იდეა ამ პრობლემის და კრიზისის მოსაგვარებლად. მათი პასუხი იყო, რომ არ აქვთ," - ამბობს უსუფაშვილი. 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიცია მზადაა, ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტაციებითა და მათი ორგანიზებით, ხელისუფლებასთან კიდევ ერთი შეხვედრა შედგეს, რათა ქართულ ოცნებას მიეცეს შესაძლებლობა, კარგად დაფიქრდეს იმ ყველაფერზე, რაც შეხვედრაზე მოისმინა. 

"ფიქრონ, მათი მხრიდან შესაძლო შეთავაზებაზე, რომელსაც ყურადღებით განვიხილავთ. უბრალოდ დღეს არანაირი შემოთავაზება არ არსებობს.

ჩვენი ამოცანაა შედეგი. სამართლიანი, მშვიდობიანი არჩევნების მიღწევა. ჩვენი ამოცანა არ არის რომელიმე კონკრეტული მოდელის გატანა.

ჩვენი ამოცანა იყო პროპორციული არჩევნები და ახლა ამოცანაა, რომ დარღვეული კონსენსუსი როგორმე აღდგეს.

დღევანდელი ვიტარებით ჩვენ ძალიან რთული არჩევნებისკენ მივექანებით, იქნება ეს ვადამდელი, თუ ვადაში,"- ამბობს დავით უსუფაშვილი. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები