ოპოზიციის შეთანხმება

კაკო ბობოხიძე: ეს შეხვედრები აუცილებელია, აქედან ხელისუფლება გამარჯვებული ვერ გამოვა

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს დეპუტატი კაკო ბობოხიძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე საუბრობს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება, ფორმატის გამო, ვერ ესწრებოდა. 

ბობოხიძე მოძრაობა სირცხვილიას ერთერთი ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის, კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ ევროპული საქართველო არ აპირებს, ვინმეს "შირმა" იყოს. 

"გაგახსენებთ 12 ნოემბერს როგორ დაიწყო სხდომა და როგორ ყველანაირად ცდილობდა უმრავლესობა, რომ პრაქტიკულად სხდომა ჩაშლილიყო, პიროვნულ შეურაცხყოფებზეც კი გადმოვიდა, მაგრამ ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება," - ამბობს ბობოხიძე ტვ პირველის ეთერში. 

მისი თქმით, ეს შეხვედრა ოპოზიციის მხრიდან გარდაუვალი და აუცილებელი იყო ერთი მიზეზის გამო - ხელისუფლება თავიდან ამბობდა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა, რომ მათთვის უმჯობესი იყო, პროტესტი ქუჩაში ყოფილიყო. 

"ყველანაირად ცდილობდნენ, რომ პროვოცირება გაეკეთებინათ, რომ უარი გვეთქვა ამ შეხვედრებზე, რადგან ამ შეხვედრებიდან ისინი გამარჯვებულები ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოვლენ,"- ამბობს ბობოხიძე.

დეპუტატის თქმით, ეს შეხვედრა დასავლელი პარტნიორების ინიციატივით ტარდებოდა და ოპოზიციური პარტიები და ლიდერები არცერთ შემთხვევაში არ მისცემენ საშუალებას ხელისუფლებას, რომ თქვან, რომ ოპოზიციამ რაღაც არ მიიღო. 

"სანამ დიპლომატიურ კორპუსსა და ჩვენს პარტნიორებს აქვთ თუნდაც მცირე იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და წამოვა მოლაპარაკებაზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ ამ იმედს არ უპასუხოთ და ბოლომდე ყველა მცდელობა არ ამოვწუროთ,"- ამბობს ბობოხიძე. 

დეპუტატის თქმით, პარტნიორები უნდა დარწმუნდნენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აქვს აზრი, თუ - არა. 

"თუ არ არის შანსი, მაშინ ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც ვიმოქმედებთ შესაბამის რეალობაში. ასეთ შემთხვევაში სრული ლეგიტიმაცია ექნება ქუჩის აქციებს და ასევე მათ აქვთ ხელში უამრავი ბერკეტი, რითიც გავლენას მოახდენენ ხელისუფლებაზე,"- თქვა კაკო ბობოხიძემ. 

ხელისუფლებას, ოპოზიციასა და დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრა სწორედ დიპლომატიური კორპუსის მიერ იყო ინიცირებული და ორგანიზებული. შეხვედრის მთავარი საკითხი ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი იყო. 

ირაკლი კობახიძიე ამბობს, რომშეხვედრაზე ხელისუფლებამ მოახერხა ოპოზიციის დარწმუნება იმაში, რომ გერმანული საარჩევნო მოდელი არ შეესაბამება კონსტიტუციას, რის შემდეგაც მაგიდასთან სხვა იდეები გაჩნდა. 

განსხვავებულად საუბრობს ოპოზიცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ მათ მმართველ გუნდს რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, თუმცა, მათგან პასუხი ვერ მიიღეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამბობენ რომ ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას როგორც შეხვედრებზე, ისე პროტესტით მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ და ქართულ ოცნებას არ აიძულებენ, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

___________________________________________________________________________________

შეხვედრა ხელისუფლებამ ოპოზიციას მას შემდეგ შესთავაზა, რაც საპროტესტო აქციების, პიკეტირების ფონზე დასავლეთის ზეწოლა გაიზარდა.

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება საერთო მოთხოვნის ირგვლივ მას შემდეგ გაერთიანდა, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

მოთხოვნებს შორის პირველი ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე გადასვლაა.

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები