საქართველო-რუსეთი

"ლელო" რუსული ენის ცენტრზე: მთავრობას მოვუწოდებთ, ადეკვატურად შეაფასოს პროვოკაციული მცდელობა

მამუკა ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" გრიგორი კარასინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეკემბრის თვეში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნაზე "მორიგ პროვოკაციულ მცდელობად" აფასებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ლელო" რუსული ცენტრის გახსნას განიხილავს, როგორც რუსეთის მიერ დასავლეთისკენ მიმართულ გზავნილს, თითქოს საქართველომ კულტურული ორიენტაცია შეიცვალა და ვექტორი რუსეთისკენ მიმართა. 

"კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. სახელმწიფოთაშორის დონეზე, რუსულ-ქართული კულტურული დიალოგი დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მხოლოდ პოლიტიკური პარიტეტისა და დეოკუპაციის თემაზე დიალოგის დაწყების პირობებშია შესაძლებელი",-წერია განცხადებაში.  

"ლელო" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიხსენოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი, ადეკვატურად შეაფასოს ქმედება, დაიცვას ქვეყნის ინტერესი და დარჩეს დასავლური კულტურის წრის ქვეყნების სივრცეში. 

29 ნოემბერს რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, რია ნოვოსტიმ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში კარასინი ამბობს, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. 

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრამავებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ ცენტრის გახსნაზე თბილისში რუსული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

ტაბულასთან საუბარში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრის გახსნას თბილისში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრი აპირებს. აბაშიძის თქმით, ორგანიზაცია კომერციული უწყებაა და ამავე საწყისებზე რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას გეგმავს.

კომენტარები