ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციები გრძელდება, ნაჯაფში სალოცავის შესასვლელი დაწვეს

Middle East Online

ერაყში პრემიერმინისტრის გადადგომის მიუხედავად საპროტესტო აქციები გრძელდება. ქალაქ ნაჯაფში ჰაქიმის სალოცავის კარი დაწვეს. უშიშროების ძალებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ქალაქ ნასირიაში ალყა შემოარტყეს პოლიციის შენობას. აქციები იმართება დედაქალაქ ბაღდადშიც.

ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება.

მაჰდის გადადგომის მოთხოვნა დაადასტურა მინისტრთა კაბინეტმაც. პარლამენტი საკითხს დღეს განიხილავს. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.

მომიტინგეები მის გადადგომას მიესალმებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოლიტიკური სისტემის შეცვლას ითხოვენ.

ერაყში საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. დაიღუპა 400-მდე ადამიანი. მხოლოდ აქციების პირველ კვირას უშიშრეობის ძალებმა 149 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ირანს ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ. დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება. მთავრობა მათ რეფორმებს, მაღალ თანამდებობაზე მყოფ პირთა ხელფასების შემცირებას და უმუშევრობასთან ბრძოლის გეგმის შემუშავებას დაჰპირდა, თუმცა აქციები არ წყდება.

კომენტარები