ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგის ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

Reuters

ჰონგ-კონგის ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა შეძახილებით "ჩვენი დროის რევოლუცია", "არასოდეს დაივიწყო რისთვის დავიწყეთ" და "გაათავისუფლე ჰონგ-კონგი". მათ ქალაქის ცენტრალურ უბანში მსვლელობა გამართეს. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

სამთავრობო შენობებთან გამართულ აქციაზე კი ცრემლსადენი გაზის გამოყენების შეწყვეტა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების ნაწილი კვლავ არ სრულდება, მათ შორის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების დამოუკიდებელი გამოძიება.

შეგახსენებთ, რომ აქციები თავდაპირველად ჰონგ-კონგიდან კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

გასულ თვეს ჰონგ-კონგში საოლქო საბჭოების არჩევნებში პრო-დემოკრატიულმა ძალებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ამ დრომდე საბჭოებში უმრავლესობას ჩინეთის მომხრე პარტიები ფლობდნენ. დემოკრატიის მომხრე ჯგუფებს იმედი აქვთ, რომ არჩევნების შედეგები ჩინეთის მთავრობისათვის გზავნილი იქნება და ქალაქის ლიდერის არჩევაზე გავლენას მოახდენენ. არჩევნებში მონაწილეობა რეკორდული რაოდენობის მოქალაქემ მიიღო. აქტივობა 71%-ზე მეტი იყო. ხმის მისაცემად 2.9 მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს, რომელიც სენატმა გასულ კვირას მიიღო და მხარს უჭერს ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციებს.

კანონი იძლევა ყოველწლიური შემოწმების საშუალებას, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს.

კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

კომენტარები