საპროტესო აქცია

ლელო ანტიოპოზიციურ აქციებზე: აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სახიფათო მოვლენაა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებს გამოეხმაურა. აქციებს ოპოზიციის წინააღმდეგ ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები აწყობენ. 

საკითხთან დაკავშირებით ლელო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს აქცები აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენაა. 

გთავაზობთ ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად:

"ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამართული აქციები არის სახედაკარგული, აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ მართული სამარცხვინო და სახიფათო მოვლენა.

შუღლის და სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება დაუშვებელია! ეს პირები არიან ხელისუფლების მიერ მართული ძალები. ,,ქართული ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას მართავს დაქსაქსვით და ურთიერთდაპირისპირებით, ეს არღვევს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პრინციპებს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს მსგავსი უკანონო მოქმედებები და მკაცრად დასაჯოს ყველა კანონდამრღვევი. დროულად მოძებნოს მის მიერვე შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი."

დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან აქციას მართავენ. 

მათ პარტიის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები ესროლეს. ისინი ამბობენ, რომ ქუთაისის ოფისში ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე იმყოფება და სწორედ ამის გასაპროტესტებლად მოვიდნენ. 

რამდენიმეჯერ სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. აქტივისტები შენობაში შესვლას ცდილობდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები