რუსეთი სირიაში

რუსულმა ავიაციამ სირიაში ლტოლვილების ბანაკი დაბომბა, დაიღუპა 19 მშვიდობიანი მოქალაქე

Kirill Kudryavtsev / AFP / Getty Images

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი გამოცემის, New York Times-ის ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ რუსულმა ავიაციამ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა. 

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა, რომელსაც 19 მშვიდობიანი პირი შეეწირა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. დაღუპულთა უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო. შემთხვევა სირიის ქალაქ ჰაასის მახლობლად მოხდა. 

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე, მფრინავების საუბრები და ფრენის განრიგი. ინფორმაცია ჟურნალისტებს სირიაში მოქმედმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა მიაწოდეს. 

ჟურნალისტებს რამდენიმე თვე დასჭირდათ რუსი სამხედროების მიერ გამოყენებული კოდური სიტყვების სათარგმნად და გასაშიფრად. კოდური სიტყვები ძირითადად შეტევის მიმდინარეობის ეტაპებს ეხებოდა. კოდურ სიტყვებს შორის იყო "დავამუშავე", "გავგზავნე კანფეტი" და "ოცდაერთი".

ჰაასი, უახლოესი ფრონტის ხაზიდან 13 კილომეტრით არის დაშორებული. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, ავია შეტევა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 17 საათსა და 20 წუთზე განხორციელდა. აქედან დაახლოებით, ხუთ წუთში პილოტმა კოდური სახელწოდებით 4-64 შეტევა კოდური სიტყვით "გავგზავნე კანფეტი" დაადასტურა. რამდენიმე წუთის შემდეგ რუსული ბომბდამფშენი კვლავ გამოჩდა ბანაკის თავზე. 

დაღუპულთა შორის 4 ოჯახია, მათ შორის ერთი ორსული ქალია. გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან კრემლში, დუმს რუსეთის თავდაცვის უწყებაც. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ამხელენ. ოქტომბერში New York Time-სმა კიდევ ერთი გამოძიება გამოაქვეყნა. მაშინ ამერიკული გამოცემა ირწმუნებოდა, რომ რუსულმა ავიაციამ ოთხი საველე ჰოსპიტალი დაბომბა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს.

კომენტარები