ნიკა მელიას საქმე

მშვენიერაძე: მელიას მანდატი ავტომატურად არ უწყება, ასევე, აქვს უფლება ხვალვე იყაროს კენჭი

0 კომენტარი
ფოტო: გიორგი მშვენიერაძე

საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე განმარტავს, რომ ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენი არ ნიშნავს, რომ მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდება.

მშვენიერაძე ამბობს, რომ თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ეხება არა არჩევით, არამედ დანიშვნით თანამდებობებს, პარლამენტის წევრობა კი არჩევითია.

"თუმცა, თავად კონსტიტუცია ითვალისწინებს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტას მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო. საინტერესოა, როგორ მოხდება კონსტიტუციის ამ ნორმის ინტერპრეტაცია. მათ შორის, ეს ეხება დეპუტატობის დროს ჩადენილ დანაშაულს თუ მანამდე ჩადენილ დანაშაულსაც?", - წერს მშვენიერაძე ფეისბუქზე.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას ხვალვე შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, როგორც კანდიდატმა და კვლავ იყოს არჩეული დეპუტატად, რადგან კანონმდებლობით ეს უფლება ეზღუდებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც სასამართლომ თავისუფლება აღუკვეთა. მელიასთვის მოსამართლეს თავისუფლების აღკვეთა არ მიუსჯია.

​"ალბათ ეს მოცემულობაც გასათვალისწინებელი იქნება პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას", - დასძენს მშვენიერაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები