ნიკა მელიას საქმე

კახიანი: გამამტყუნებელი განაჩენის დროს, პარლამენტი ვალდებულია შეუწყვიტოს დეპუტატს მანდატი

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ამავე კომიტეტის მოქმედი წევრი, გიორგი კახიანი ამბობს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია შეუწყვიტოს დეპუტატს უფლებამოსილება.

"პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება", - ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი.

აღსანიშნავია, რომ იურისტ გიორგი მშვენიერაძის განმარტებით, ნიკა მელიას გამამტყუნებელი განაჩენი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას არ ნიშნავს. მისივე თქმით, ეს არის საფუძველი მანდატის შეწყვეტისთვის და გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება.

კომენტარები