სასამართლო სისტემა

ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს

ბათუმელები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე უარს ამბობს, მონაწილეობა მიიღოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში.

მან შესაბამისი წერილით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

"ბატონო არჩილ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 22 ნოემბერს მოგმართეთ წერილით (N1-21959/19) რომლითაც მოვითხოვე გარკვეული ვადით გადაგედოთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით ჩემი კანდიდატურის პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენა. ხსენებულ განცხადებას საზოგადოებაში მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქციები.

მათ შორის, გაჩნდა კითხვები, ხომ არ იყო ჩემი ქმედებები საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენის და არა მოცემული საკითხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით დადასტურების მიზნით განხორციელებული. როგორც წინარე წერილში აღვნიშნე, ჩემთვის, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისთვის, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია სასამართლო ხელისუფლების უმწიკვლოდ და ობიექტურად ფუნქციონირება და შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით ნებისმიერი, თუნდაც დაუსაბუთებელი კითხვა უნდა იყოს მოხსნილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნების გაფანტვის მიზნით, უარს ვამბობ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე. ასევე გაცნობებთ, რომ წინამდებარე წერილი ასევე მატერიალურად ჩაბარდება საქართველოს პარლამენტის კანცელარიას",- წერია ზაზა თავაძის მიმართვაში.

ზაზა თავაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს 22 ნოემბერსაც მიმართა თხოვნით, გადადოს მისი კანდიდატურის განხილვა.

მიზეზად მან დიპლომთან დაკავშირებით წარმოშობილი კითხვის ნიშნები დაასახელა.

______________________________________________________________________________________

უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ზაზა თავაძეც.

პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ მათ კანდიდატურებს კენჭი სათითაოდ უნდა უყაროს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, განსაკუთრებით პრობლემატური ორი საკითხი იყო:

"პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს".

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები