მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

მთავარი

მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე აქტივისტი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკავებული. 

აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ, როგორც ამბობდნენ მათ ხუნდაძესთან კითხვები ჰქონდათ, თუ რატომ არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სისტემა. 

აქტივისტების გამოჩენამ მერიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. არიან დაშავებულები. 

"ხუნდაძემ კორდონი დაგვახვედრა ადამიანების. იწვევს დაპირისპირებას ხალხს შორის. ჩვენ გვინდა ხუნდაძესთან შეხვედრა. ეს ადამიანი არის ივანიშვილის მონურ-მორჩილებაში, უამრავი კითხვა დაგვიგროვდა და მოვედით, რომ მივიღოთ პასუხები" -  თქვა ნათელაშვილმა დაკავებამდე. 

დაკავების მიზეზი უცნობია, სამართალდამცველები განმარტებას არ აკეთებენ. 

აქტივისტების თქმით, მათ ანგარებისა და ღალატის სიმბოლოდ, მერიასთან 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს.

შენობის შესასვლელში კვლავ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მოძრაობა "გაბედეს" წევრებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატო არ უშვებენ ადამიანებს საჯარო დაწესებულებაში, სამართალდამცველები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. 

კომენტარები