პროპორციული სისტემა

პოლიტიკიდან წასული აკაკი ზოიძე საშვილიშვილოს უწოდებს თამბაქოს კანონს და დაგროვებით პენსიას

ტაბულა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზოიძემ Facebook-ზე დაწერა და თქვა, რომ პოლიტიკური პროცესის პოლარიზებაში თავის პასუხისმგებლობასაც გრძნობს.

"პასუხისმგებლობას უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ვერ შევძელით კოლეგების ნაწილის დარწმუნება, რომ მიუხედავად გარკვეული რისკებისა, 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადასვლას და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა" - ამბობს ზოიძე და მადლობას უხდის კოლეგებს და მეგობრებს.

"ვისთანაც ერთადაც ჩემი ცხოვრების სამი წელი გავატარე საქართველოს პარლამენტში და ერთად შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმების გატარება, რომელთაგან სამი ჭეშმარიტად საშვილიშვილოა - ახალი კონსტიტუცია, რომლითაც შეუძლია იამაყოს ნებისმიერმა ევროპულმა ქვეყანამ, თამბაქოს კონტროლის კანონი, რომლის წყალობითაც გავთავისუფლდით კვამლისგან საჯარო სივრცეებში და რომელმაც უკვე გადაარჩინა ასეულობით ადამიანი და მომავალში გადაარჩენს ათეულობით ათას ადამიანს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაკარგვისგან და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამუშავება, რომელიც ჩვენი შვილებისთვის იქნება ღირსეული სიბერის გარანტია, რომ მათ საპენსიო ასაკში აღარ მოუწიოთ დღევანდელი პენსიონერების დიდი ნაწილის მსგავსად არსებობისათვის ყოველდღიური ბრძოლა. ასევე მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომელთაც შემიმსუბუქეს პოლიტიკოსის ტვირთი, რომელიც განსაკუთრებით მძიმეა ქართულ რეალობაში"- წერს ზოიძე და აღნიშნავს, რომ იმ ფასეულობების ერთგული რჩება, რის გამოც შეუერთდა ქართულ ოცნება 2016 წელს.

"ასევე ვუსურვებ ჩემს თანაგუნდელებს, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ ეს ფასეულობები და მზად ვარ, გვერდში ამოვუდგე მათ ქვეყნისთვის სასიკეთო ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმებში, რომლებშიც მჯერა, რომ ჩემი ექსპერტული წვლილის შეტანა შემიძლია ახალ (ძველ) ამპლუაში" - წერს აკაკი ზოიძე.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, აკაკი ზოიძე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ პლებისციტზე მოსახლეობის უმრავლესობა იტყოდა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წელსვე უნდა, ამის აღსრულება ქართული ოცნებისთვის სავალდებული უნდა ყოფილიყო. მმართველმა გუნდმა მის იდეაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ პლებისციტს 2020 წლის შემდეგ ჩაატარებენ.

კომენტარები