საპროტესტო აქციები

"რამდენს ბედავთ?" - 19:00-ზე "ოცნების" ოფისთან აქცია გაიმართება

"რამდენს ბედავთ?" - დღეს, 19:00-ზე, ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აქციას გამართავს. აქტივისტები მცხეთაში "გაბედე"-ს წევრების ცემას და დაკავებას გააპროტესტებენ.

"დღეს, მცხეთაში, სამოქალაქო აქტივისტებს ოცნების დაქირავებული ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ!

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, სამოქალაქო მოძრაობებისა და ოპოზიციური პარტიების პროტესტი მარგინალიზდეს, ამისთვის, ის გვიპირისპირებს პარტ. აქტივს, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანებს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია, შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია.

სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში, ამას მოწმობს როგორც ზოგადი განწყობები, ასევე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა!

ჩვენ ვაგრძელებთ კანონის ფარგლებში მოქმედებებს, გამოვიყენებთ კონსტიტუციით მონიჭებულ ყველანაირ უფლებას და შევუქმნით მაქსიმალურ დისკომფორტს ხელისუფლებას, რომელიც გაუჩერებლად ატყუებს ადამიანებს!

მოვუწოდებთ ქართულ ოცნებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს, აიღოს პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც თავად შექმნა და ახლა თავადვე აღრმავებს. პოლიციას კი, რომელიც ახლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, ვთხოვთ, ემსახურონ საქართველოს და ნაცვლად უდანაშაულო ადამიანების დაჭერისა, დააკავონ მოძალადე ზონდერები" - წერია განცხადებაში.

მოძრაობა "გაბედეს" რამდენიმე აქტივისტი დღეს, მცხეთის მერიასთან დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ბექა ნათელაშვილია. არიან დაშავებულებიც, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა მერიის თანამშრომლებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 

"არ ხართ თქვენ შიგნით შესაშვებები, მერი ვარ მეთქი, არ არის ხუნდაძე აქ, წადით სახლებში... თქვენგან გიცავთ, თქვენივე თავისგან გიცავთ, ხუნდაძესაც დავიცავ, ყველას დავიცავ, უკანონობისგან ყველას დავიცავ" - მიმართა მცხეთის მერმა აქციის მონაწილეებს. 

კომენტარები