ჩინეთი

ჩინეთში სმარტფონების მფლობელებისთვის სახის სკანირება სავალდებულო გახდა

უკვე მრავალი წელია, რაც ჩინეთის ხელისუფლება ინტერნეტის ანონიმურ მოხმარებას ებრძვის. მობილური ტელეფონის ნომრის ყიდვისთვის ჩინეთში საჭიროა პირადობის დამადასტურებული ფოტოიანი დოკუმენტის წარდგენა. ხოლო სკანირების შემდეგ მოხდება ამ ორი გამოსახულების დადარება, რათა ხელისუფლება დარწმუნდეს, რომ ინტერნეტის თითოეული მომხმარებელი ქსელში საკუთარი ვინაობით სარგებლობს.

2017 წელს ჩინეთში ამოქმედდა კანონი, რომელიც ინტერნეტ პლატფორმებს კონტენტის განთავსებამდე ავტორის ვინაობის დადასტურებას თხოვდა. მრეწველობისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, ახალი წესი უსაფრთხოების სისტემას კიდევ უფრო გააძლიერებს.

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ჩინეთში ასეულობით მილიონია, მათი უმრავლესობა ქსელში მობილური ტელეფონიდან შედის. ჩინეთში ფართოდაა გავრცელებული სახის ამომცნობი ვიდეოკამერები და თვალთვალის სხვადასხვა მეთოდები. ხელისუფლება ამ გზით მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის გამყარებას ცდილობს.

ამ სფეროში ჩინეთი, მსოფლიოს უპირობო ლიდერია. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და ჩინეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების მკვლევარი ჯეფრი დინი ამბობს, რომ ცვლილებები კიბერ დანაშაულთან ბრძოლის მოტივით ხდება. თუმცა, რეალური საფუძველი მოსახლეობის კონტროლის სურვილია.

ახალი კანონის ამოქმედებას ჩინეთის ინტერნეტ ფორუმებზე მომხმარებელთა უკმაყოფილება მოყვა, თუმცა დიდი ნაწილი გამკაცრებულ კონტროლს ტექნოლოგიური პროგრესის გარდაუვალ შედეგად აღიქვამს.

ჩინეთის ხელისუფლება უკვე წლებია, რაც ინტერნეტ ცენზორის როლშია. ხელისუფლება შლის და ბლოკავს ინფორმაციას, რომელიც მათი აზრით მოქალაქეებმა არ უნდა იცოდნენ. ხშირად თანამედროვე ჩინეთს ვიდეოკამერების სახელმწიფოდაც მოიხსენებიენ. აქ ვიდეო კამერები პრაქტიკულად ყველა კუთხეშია დამონტაჟებული.

2017 წელს ჩინეთში სულ 170 მილიონი ვიდეო კამერა ფუნქციონირებდა. მმართველი, კომპარტიის გეგმის მიხედვით, 2020 წლის ეს რიცხვი ნახევარ მილიარდს უნდა მიახლოვდეს. ამავე წელს უნდა დასრულდეს ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებაც. ე.წ. სოციალური დაკრედიტების სისტემა, მოიცავს ყველა ტიპის ინფორმაციას მოქალაქეების შესახებ, მათი საბანკო ანგარიშებიდან, გადაადგილების მარშრუტამდე.

ხელისუფლება სათვალთავლო სისტემის მომრავლების მოტივად დანაშაულთან ბრძოლას ასახელებს. წინა წელს ადგილობრივმა მედიამ ფართოდ გააშუქა შემთხვევა, როდესაც სახის ამომცნობი ვიდეო კამერის მეშვეობით პოლიციამ 60 ათას კაციან კონცერტზე ძებნილი პირი დააკავა.

სინცზიანის პროვინციაში, სადაც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური უმცირესობა, უიღურები ცხოვრობენ, ვიდეო კამერები განსაკუთრებით ბევრია. აქ უიღურები სავალდებულო გადამზადებისა და აღზრდის პროცესს გადიან, ხოლო კამერები იმგვარად არის დამონტაჟებული, რომ გამოარჩიონ "უიღურული" გარეგნობის მქონე პირები.

ამავდროულად, სახის ამომცნობი ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად ინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რამდენიმე რეგიონში ამ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლოა სხვადასხვა სერვისის მიღება მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდა.

ჯეფრი დინის თქმით, ხელისუფლების კონტროლის ზრდასთან ერთად იზრდება ამით უკმაყოფილო მოსახლეობის რიცხვიც, თუმცა ჯერჯერობით მათი რიცხვი ძალიან მცირეა.

კომენტარები