ე.წ გერმანული მოდელი

ბოკერია "ყალბი პარტიების" არგუმენტზე: აბსურდია, ამ პარტიებმა ხმები ხომ უნდა მიიღონ?

0 კომენტარი

"ეს ყალბი პარტიები რომ შეიქმნება, ამ პარტიებმა ხმები ხო უნდა მიიღონ?" - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი კობახიძეს, რომელმაც არაკონსტიტუციურობის შემდეგ, ე.წ გერმანული მოდელის წინააღმდეგ ახალი არგუმენტი გამოთქვა. 

ტაბულასთან საუბარში ბოკერია ამბობს, რომ კობახიძის არგუმენტი, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ფარგლებში ოპოზიციური პარტიები ყალბ პარტიებს შექმნიან, აბსურდია. 

"გასაგებია, რომ ვიღაცები შეეცდებიან მანიპულაციას, მაგრამ ამ მანიპულაციას სჭირდება ხმები და რამდენად უნდა გაყოს ერთმა პარტიამ ხმები?" - ამბობს ბოკერია.

დეპუტატის თქმით, თუ ვინმე მსგავსი ან სხვა ხერხით მანიპულაციას დააპირებს, ეს თვითონ ქართული ოცნება იქნება, 

"მაგრამ ჩვენ ამ მანიპულაციის არ გვეშინია იმიტომ, რომ ამ მანიპულაციას სჭირდება მისი ხმების გაყოფა და რამდენად უნდა გაყოს მრავალმანდატიან ოლქებში ეს ხმები?" - ამბობს დეპუტატი. 

ბოკერიას თქმით, ირაკლი კობახიძე ძალიან წვალობს, რომ ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად შეთავაზებულ ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელს წუნი უპოვოს. 

"წვალობს, თან ძალიან და თან ძალიან სასაცილოა.

ხან იძახის, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, ხან იძახის, რომ ვერ გავგზავნით ვენეციის კომისიაში, სირცხვილიაო. ჩვენ ვუთხარით, რომ სირცხვილი ჩვენი იყოს და მათ გაგზავნონ. ახლა კიდევ გენიალური არგუმენტი იპოვა, ასეთი რამ არ მინახავს - მთავარმა ეჭვმიტანილმა fake ამბების შექმნაში თქვა, რომ ამით მოუგებენ მაგათ? პირიქითაა,"- ამბობს ბოკერია. 

ირაკლი კობახიძემ 1 დეკემბერს ტვ იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი რომც იყოს შესაბამისი ქართულ კონსტიტუციასთან, ის უსამართლოა, რადგან შეიძლება, შეიქმნას ყალბი პარტიები, რომლებიც ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

გერმანულ მოდელზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი და მოქმედი სპიკერები და ქართული ოცნების სხვა ლიდერები იმ ფაქტით მანიპულირებენ, რომ გერმანიაში ამჟამად მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შესაძლოა, შეიცვალოს, საქართველოს კონსტიტუცია კი პარლამენტის წევრთა ფიქსირებულ რაოდენობას (73 მაჟორიტარ დეპუტატსა და 77 პროპორციული სიით შესულ დეპუტატს) განსაზღვრავს.

თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლებას ე.წ გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას სთავაზობს, რაც უცვლელს ტოვებს პარლამენტის წევრთა რაოდენობას და, შესაბამისად, აბსოლუტურად თავსებადია დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რას სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას, ნახეთ აქ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები