სირცხვილია

"ვინ ჩემი ხუნდაძე ხარ" - "ოცნების" ოფისთან მცხეთაში აქტივისტების ცემას აპროტესტებენ

ტაბულა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მცხეთის მერისა და მერიის წარმომადგენლების მხრიდან მოძრაობა “გაბედეს” წევრების ცემას აპროტესტებენ. მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით - "რამდენს ბედავთ", "ვინ ჩემი ხუნდაძე ხარ". ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"ჩვენ არ ჩავედით მცხეთაში და არ შევუწყვეთ ხელი ხელოვნურ დაძაბვას, ეს არის ივანიშვილის ბოლო კოზირი, რის გამოყენებას ცდილობს. მოვედით ქართული ოცნების ოფისთან, საიდანაც იმართება რეალურად ეს პროცესი, რაც მთელი დღის განმავლობაში ხდება და ძალიან სახიფათო სახეს იძენს. ამ წუთებშიც, ჩვენ უკანაც არიან ადამიანები მობილიზებულები, ვინც მუდმივად ცდილობენ ხელოვნური დაძაბულობის შექმნას, მათთან არაფერი გვაქვს გასაყოფი, ვდგავართ ქართული ოცნების ოფისთან და მათ შევახსენებთ, რომ ისინი არიან მონები და გამყიდველები და უნდა მოგვცენ დაპირებული პროპორციული არჩევნები" - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ. მათი თქმით, მცხეთის მაჟორუტართან ჰქონდათ კითხვები - რატომ არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სისტემა. აქტივისტებს შენობაში შესვლის საშუალება ქალაქის მერმა და მერიის თანამშრომლებმა არ მისცეს. ისინი სამოქალაქო მოძრაობის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც, დაშავდა "გაბედეს" ორი აქტივისტი. ჯეო-ჰოსპიტალის ექიმის თქმით, დაშავებულებს დაზიანებები აქვთ სახის არეში და თავის ზედა ჭრილობა. 

კომენტარები