გიორგი მამალაძის საქმე

ადმინისტრაცია: ტყუილია, რომ მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტზე ზეწოლა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღეს. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მათ "კიდევ ერთხელ" მიიჩნიეს საჭიროდ ამის განმარტება.

"აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად" - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ, სანამ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით "ფეიკნიუსების" გავრცელებაზე საუბრობდა. 

"ასეთი ფეიკნიუსები ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა",- ამბობდნენ მაშინ ადმინისტრაციაში.

გიორგი მამალაძის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გამო", წმიდა სინოდმა ერთი თვის წინ გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით მიემართა. საქართველოს პრეზიდენტს ნოემბრის ბოლომდე შეწყალებაზე მორატორიუმი ჰქონდა გამოცხადებული - მის მიერ მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი, საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები". რაც შეეხება გიორგი მამალაძის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ "არ მგონია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავს აყენებს სასამართლო სისტემის ზემოთ და შეუძლია, რომ გაასწოროს ის, რაც არის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილი".

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას წელიწადზე მეტია, ითხოვს. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა.

კომენტარები