აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020

ტრამპის კამპანია Bloomberg-ის ჟურნალისტებს აკრედიტაციას არ მისცემს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და მაიკლ ბლუმბერგი

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია Bloomberg News-ის ჟურნალისტებს აკრედიტაციას არ მისცემს. მიზეზი ისაა, რომ Bloomberg-ის დამფუძნებელი და მფლობელი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თავადაც ჩაერთო და დემოკრატიული პარტიიდან ნომინაციისათვის იბრძვის. ტრამპის გუნდში მიაჩნიათ, რომ ამის გამო ჟურნალისტები მიკერძოებულები იქნებიან.

მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო ცნობილი გახდა, რომ Bloomberg დემოკრატიული კანდიდატების კრიტიკულად გაშუქებას შეწყვეტს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის გარშემო გამოძიებას გააგრძელებს.

ტრამპის გუნდში თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიკერძოებულობის დამადასტურებელი ნიშანია.

"ვინაიდან მათ გადაწყვიტეს ღიად აჩვენონ მიკერძოებულობა, ტრამპის კამპანია მათ ჟურნალისტებს მხარდამჭერებთან შეხვედრებზე და სხვა ღონისძიებებზე აკრედიტაციას არ მისცემს. ჩვენ ყველა შემთხვევაში სათითაოდ განვიხილავთ და გადავწყვეტთ ვუპასუხოთ თუ არა მათი ჟურნალისტების კითხვებს." ნათქვამია კამპანიის მენეჯერის განცხადებაში.

მსგავსი ნაბიჯის გადადგმას გეგმავს რესპუბლიკური პარტიაც.

Bloomberg-ში მიკერძოებულობის ბრალდებას უარყოფენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტრამპი ჟურნალისტებს აკრედიტაციას უუქმებს. აკრედიტაციები უკვე შეჩერებული აქვთ Huffington Post-ის, Politico-ს ,Buzzfeed-ის და The Washington Post-ის ჟურნალისტებს.

მილიარდერი ბიზნესმენი მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ნოემბრის ბოლოს ჩაება. ის დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება და ნომინაციისათვის იბრძოლებს.

როგორც დაანონსებისას გამოაცხადა, კამპანია დონალდ ტრამპის დამარცხებისაკენ იქნება მიმართული. უკვე გავრცელდა პირველი პოლიტიკური რეკლამა, რომელშიც ბლუმბერგის მიღწევებზე და მის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე, ჯანდაცვის სისტემაზე და მდიდრებისათვის გადასახადების გაზრდაზეა საუბარი.

ნიუ იორკის ყოფილ მერს მიაჩნია, რომ დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატები ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებენ. ამჟამად ნომინაციისათვის 17 დემოკრატი იბრძვის. ლიდერობენ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უორენის ან სანდერსის, რომლებიც მემარცხენე პოლიტიკით გამოირჩევიან, ნომინაციის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები