ჯანდარის ტბა

ჯანდარის ტბაზე დაკარგული 2 მოქალაქის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

ჯანდარის ტბაზე დაკარგული 2 მამაკაცის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყება ამ დროისათვის სპეციალური ტექნიკის საშუალებით ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს აწარმოებს. 

"ჯანდარის ტბაზე მუშაობენ ამავე სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა", - წერია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოებში დილიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახურიც ჩაერთო. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა.

"ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად", - ამბობენ უწყებაში.

ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს გავცელდა. როგორც ცნობილია, ჯანდარის ტბაზე დაკარგულები მეთევზეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი ტბაში ნავით შევიდა და ძლიერი ქარის გამო დაიკარგა.

კომენტარები