კალაძე: რატომ უნდა მოგინდეს, "ოცნების" ოფისთან გააპროტესტო? დაპირისპირებისთვის ხდება

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი, კახა კალაძე გუშინ, 2 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტების მიერ სამოქალაქო მოძრაობების წევრებზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოუნდათ აქტივისტებს "ოცნების" ოფისთან პროტესტის გამოხატვა.

"ნამდვილად არ მსიამოვნებს დაპირისპირებები. მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატომ უნდა მოგინდეს მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო? არ არის ადგილები სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?"-ამბობს კალაძე. 

მერის თქმით, აქტივისტებმა აქცია "ოცნების" ოფისთან დაპირისპირების გამოსაწვევად გამართეს.

"მიუღებელია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, ვფიქრობ, სხვა მიმართულებით გამოვიყენოთ. მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და არა ერთმანეთზე დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას",-ამბობს კახა კალაძე. 

გუშინ, 2 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. ასევე, "ოცნების" აქტივისტები მათ პიროტექნიკასა და სხვადასხვა საგანს ესროდნენ. შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვანი. პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია.

კომენტარები